PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სასტუმრო სექტორის ბიზნეს სტატისტიკის განახლებულ მიმოხილვის მიხედვით, ნოემბერში საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი, როგორც წინა თვესთან შედარებით, ისე წლიურად შემცირდა.
სასტუმროების კატეგორიების მიხედვით, ნოემბერში გასულ თვესთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 8.6%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 9.4%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 7.1%-ით შემცირდა.
სასტუმროების ტიპების მიხედვით, ნოემბერში, ამ პერიოდში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 143 ლარი, ხოლო 4-ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსების საშუალო ღირებულება 221 ლარი იყო. საოჯახო ტიპის სასტუმროების შემთხვევაში სფი-მა ნოემბერში 117 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასს, ნოემბერში საქართველოს მასშტაბით არსებული სასტუმროების საშუალო ღირებულება 386 ლარი იყო. ამასთან კახეთში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 553 ლარი, თბილისში - 541 ლარი, გურიაში - 358 ლარი, აჭარაში კი 299 ლარი იყო.
მიმოხილვის ავტორები განმარტავენ, რომ სასტუმროს ფასების ინდექსის შედეგები საქართველოს 10 რეგიონსა და თბილისში 3*, 4*, 5* და საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასებზე დაკვირვების შედეგადაა მიღებული. სასტუმროების შერჩევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოხდა.
„ანალიზი მოიცავს booking.com-ზე დარეგისტრირებულ, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ 3*, 4*, 5* სასტუმროების 71%-ს (312 ობიექტი) და საოჯახო ტიპის სასტუმროების 25%-ს (456 ობიექტი).
3*, 4* და 5* სასტუმროების ფასებზე მონაცემების მიღება სასტუმროებთან დაკავშირების საფუძველზე ხდება, ხოლო საოჯახო სასტუმროების ფასებზე ინფორმაციის წყარო booking.com-ია. საშუალო ფასები გამოითვლება სასტუმროების სტანდარტული ორადგილიანი ნომრების დღიური განაკვეთების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით“, - განმარტავენ მიმოხილვის ავტორები.
დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით სასტუმრო ფასები ინდექსი ყველაზე მაღალი სამცხე-ჯავახეთში (-1.0%), ყველაზე ნაკლები კი გურიაში (-29.5%) იყო. ამასთან, წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო გურიაში (42.9%), ყველაზე ნაკლები კი თბილისში(-23.7%).