2025 წლის 9 თვეში ვაჭრობის დარგში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 83.3%-ით შემცირდა. ამ პერიოდში ქვეყანაში FDI-ის სახით დარგში მხოლოდ 31.7 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია ჩაიდო.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დარგების მიხედვით განხორციელებულ ინვესტიციებში, ვაჭრობას მე-11 ადგილი უკავია.
უნდა აღინიშნოს, რომ სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნული დარგი მოიცავს საბითუმო და საცალო ვაჭრობას და ასევე ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტს.
BM.GE დაინტერესდა - რომელი ქვეყნებიდან და რომელ კომპანიებში ჩაიდო ამ პერიოდში FDI ვაჭრობაში. ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, რომ ინვესტიციების თითქმის ნახევარი თურქეთზე მოდის. ვაჭრობის უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:
- თურქეთი - $15.2 მლნ;
- ავსტრია - $10.5 მლნ;
- მალტა - $5.6 მლნ;
- ფინეთი - ...
- სომხეთი - $5.3 მლნ;
- ნიდერლანდები - $3.6 მლნ;
- ლატვია - $3.6 მლნ;
- ბელარუსი - $3.1 მლნ;
- გერმანია - $2.9 მლნ;
- ყაზახეთი - $2.9 მლნ;
საქსტატში განმარტავენ, რომ ინფორმაცია ზოგიერთი ქვეყნის შესახებ საიდანაც განხორციელდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კონფიდენციალურია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონის“ 34-ე მუხლის თანახმად. მონაცემები სტატისტიკური ერთეულის პირდაპირი იდენტიფიცირების ან არაპირდაპირი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა და გაცემას არ ექვემდებარება. ამ შემთხვევაში კონფიდენციალური ინფორმაცია ეხება ფინეთს.
რაც შეეხება კომპანიებს ვაჭრობის სექტორში, სადაც ამ პერიოდში ყველაზე დიდი ინვესტიციების ჩაიდო, მათი TOP-10-ეული ასე გამოიყურება:
- სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია;
- სს სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენ
- შპს ლუკოილ-ჯორჯია
- შპს ეი თი იუ ჯორჯია
- შპს ვოლტ სერვისიზ ჯორჯია
- შპს უძრავი ქონების მართვის კომპანია
- შპს ელსივაიკიკი გე
- შპს გდგ
- შპს აგრობესთ ჯორჯია
- შპს ჯორჯია ელექთრონიქ ქომფანი თრეიდ
შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით




























