მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

[აბასთუმანის ცის ჩასაკეტად] "ორი ძალიან მყარი საფუძველი არსებობდა" - ირაკლი კობახიძე

აბასთუმანი

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თვითმფრინავებისთვის აბასთუმნის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა ორი ძალიან მყარი საფუძვლით იყო განპირობებული - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, აბასთუმანში ფრენის მარშრუტების დაკორექტირებასთან დაკავშირებით სპეკულაციები იყო, თუმცა სასპეკულაციო არაფერია. მისივე ინფორმაციით, მიმართვა ობსერვატორიასთან დაკავშირებით გაკეთდა.

„არის კონკრეტული ინტერესები ორი მიმართულებით - პირველი, რაც შეეხება ობსერვატორიას, მიმართვაც იყო ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. ეს შედის ობსერვატორიის ინტერესებში, რომელსაც აქვს საქართველოში არსებობის ძალიან დიდი ტრადიციები, ძალიან მნიშვნელოვანი კვლევითი ორგანიზაციაა ჩვენთვის და მისი მხარდაჭერა არის ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. ასევე კურორტის განვითარებისთვისაც არის მნიშვნელოვანი და აქ არსებობს შესაბამისი პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში. შესაბამისად, ორი ძალიან მყარი საფუძველი არსებობდა იმისათვის, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულიყო, რაც უკავშირდება ფრენის მარშრუტებს და არავითარ ზიანს ეს ქვეყანას არ აყენებს, პირიქით ქვეყნისთვის სწორი სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეიდან, 16 აპრილიდან ძალაში შევიდა ირაკლი კობახიძის მიერ 9 თებერვალს ხელმოწერილი დადგენილება, რომელიც აბასთუმნის საჰაერო ცას თვითმფრინავებისთვის კეტავს. განისაზღვრა დაახლოებით 52-კილომეტრიანი სპეციალური ზონა, სადაც საჰაერო მოძრაობა იზღუდება. ტერიტორიაზე გადიოდა რამდენიმე საერთაშორისო ავიატრასა, რომლებიც ევროპასა და აზიას შორის ფრენებისთვის გამოიყენება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები