მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აბიტურიენტებს არჩევანი რჩებათ - მინისტრის მოადგილის მტკიცებით, გუშინ "ერთი ქალაქი - ერთი უნივერსიტეტის" პრინციპი ახსნა

ზვიად გაბისონია

"ოცნების" მთავრობაში განათლების მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონია ამბობს, რომ გუშინ, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე მის მიერ გაკეთებული განცხადება არასწორად იქნა აღქმული და სინამდვილეში, "ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტის" პრინციპს გულისხმობდა, რომლის მიხედვითაც აბიტურიენტებს უნივერსიტეტების და ფაკულტეტების არჩევის ჩამონათვალის უფლება არ შეეზღუდებათ.

საქმე ის არის, რომ აბიტურიენტების მიერ ფაკულტეტისა და უნივერსიტეტების არჩევის წესზე განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ 8 დეკემბერს პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

გაბისონიამ დღეს უკვე თქვა, რომ გუშინ მოისმინეს მხოლოდ პასუხი და არა კითხვა და გავრცელდა არასწორი ინფორმაცია. არადა, კომიტეტის თავმჯდომარის კითხვები მხოლოდ უნივერსიტეტში კვოტებს ეხებოდა და შოთა ბერეკაშვილის არცერთი კითხვა არ ყოფილა "ერთი ქალაქი ერთი უნივერსიტეტი" პრინციპზე. ამიტომ, გაუგებარია, როგორ გასცა გაბისონიამ პასუხი კითხვას, რომელიც არ დასმულა.

"მოისმინეს პასუხი და არა შეკითხვა. შეკითხვა გულისხმობდა იმას, რას გულისხმობს „ერთი ქალაქი - ერთი უნივერსიტეტის“ პრინციპი და ძალიან ნათელი, მარტივი მაგალითი მოვიყვანე, როგორც სტუდენტებს ვუხსნი ხოლმე, ანუ რას ვგულისხმობთ. ვგულისხმობთ იმას, რომ მაგალითად, დღეს არსებული მოდელის მიხედვით, თბილისში არის ხუთი იურიდიული ფაკულტეტი, ხუთი ეკონომიკის ფაკულტეტი. ვგულისხმობ სახელმწიფო უნივერსიტეტებში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შესაბამისად, არსებული მოდელი გულისხმობს იმას, რომ ამ ფაკულტეტებიდან სტუდენტს შეუძლია აირჩიოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, პირველად შემოხაზოს თეორიულად, მეორედ თეორიულად შემოხაზოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მესამედ თეორიულად შემოხაზოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ასე შემდეგ. გუშინ მე განვმარტე, რომ ასეთი მოდელი შეიზღუდება, რადგან მოვახდენთ აღნიშნული ხუთი იურიდიული ფაკულტეტის ერთ ფაკულტეტად გაერთიანებას, ერთ პროგრამად გაერთიანებას. ეს პირდაპირ მთავრობის მიერ დადგენილ კონცეფციაში წერია და არაფერი განსხვავებული ამ მიმართულებით არ გვითქვამს. ეს დააკონვერტირეს ისე, თითქოს ჩვენ ვუზღუდავთ ზოგადად შემოხაზვას", - განაცხადა "ოცნების" მთავრობაში განათლების მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა ჩამონათვალში კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტები მიუთითონ.

დამატებით, განათლების კომიტეტზე გაბისონიამ მაგალითიც მოიყვანა.

" მაგალითად, შეიძლება სტუდენტ შემოხაზოს პირველი, ვთქვათ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი, მეორე შემოხაზოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაღაც სხვა მიმართულება, მესამე შემოხაზოს კავკასიის, ან რომელიღაც სხვა უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი იგივე, შემოხაზოს ქუთაისის, შემოხაზოს ბათუმის და ასე შემდეგ. რა არის ამაში გაურკვეველი კარგად ვერ გავიგე, რომ არ დაგიმალოთ", - თქვა გაბისონიამ, რომელმაც გუშინ შემდეგი რამ განაცხადა:

„დღეს არსებული მოდელის მიხედვით, თქვენ იცით, რომ როდესაც სტუდენტი ხაზავს სასურველ ფაკულტეტებს, მას აქვს ვარიანტები, რომ რამდენიმე უნივერსიტეტი მოხაზოს და საბოლოო ჯამში, ის თუ ვერ მოხვდა თავისი ქულების მიხედვით პირველ უნივერსიტეტში, ან მეორეში მოხვდება, ან მესამეში, ან მეოთხეში და რეალურად ამით ხარისხი, მოგეხსენებათ, ვარდება.

ახალი მოდელის მიხედვით, ამის საშუალება არ იქნება, ანუ მთავარი ამოცანა იქნება".

პარლამენტში „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ ინიციირებული ცვლილებების განხილვა დაიწყო. დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში გუშინ დარეგისტრირდა და მას "ოცნება" დაჩქარებული წესით განიხილავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები