მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბსოლუტური მაჩვენებლით ბანკებისთვის გადასახადი იზრდება - საბანკო ასოციაცია

638f2aeaafa74
ელენე გოგბერაშვილი
06.12.22 16:25
819
„აბსოლუტური მაჩვენებლით გადასახადი იზრდება, თუმცა რამდენად დიდია ეს ზრდა, ამას დავითვლით", - ასე ეხმაურება საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი სექტორისთვის მოგების გადასახადის 15%-დან 20%-ზე გაზრდის გადაწყვეტილებას.

მთავრობის მიერ საბანკო სექტორისთვის მოგების გადასახადის გაზრდის გადაწყვეტილების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. აქამდე ბანკების მიერ მიღებული მოგება 15%-ის განაკვეთით იბეგრებოდა, რაც 2023 წლიდან 20%-მდე გაიზრდება. ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ეს ერთადერთი ცვლილება არ იქნება და ამასთანავე, ბანკებისთვის დივიდენდის გადასახადი, რაც აქამდე 5% იყო, განულდება. საუბარია მოგების იმ ნაწილზე, რომელზეც გატანის შემთხვევაში იბეგრება.

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დაანონსებული ცვლილებებიდან გამომდინარე დაბეგვრის სუბიექტები განსხვავდება, შესაბამისად რა გავლენა ექნება ამას სექტორზე, ანალიტიკოსები საკანონმდებლო აქტის გაცნობის შემდეგ დაითვლიან.

„შეფასება, თუ საკანონმდებლო ცვლილების ჩარჩოს არ ვნახავთ, ვერ გეტყვით ზუსტად რაზეა საუბარი. კალკულაციაში, არითმეტიკაში აბსოლუტურად სწორია, რომ 15% და 5% არის 20%, მაგრამ დაბეგვრის სუბიექტები განსხვავდება, 15% ეკუთვნის კომპანიას, ანუ ბანკის გადასახდელია 15% და 5%-იანი ზრდა ნიშნავს, რომ კომპანიის მოგების გადასახადი გაიზრდება. 5%-იანი დივიდენდის გადასახადი ეკუთვნის ინვესტორს, კომპანიის მფლობელს, აქედან გამომდინარე მათი გადასახადი შემცირდება.

რამდენად აქვს ფისკალური ეფექტი უნდა დავითვალოთ, აბსოლუტურ მაჩვენებელში ველოდებით, რომ ზრდა იქნება გადასახადში , მაგრამ რამდენად დიდია ეს ზრდა, ამაზე გამოთვლის შემდეგ მოგაწვდით ინფორმაციას“, -აცხადებს ალეკო ძნელაძე.

აღნიშნულ თემაზე ფინანსთა მინისტრმა გუშინ ასეთი განცხადება გააკეთა:

“5%-იანი დივიდენდის გადასახადი ნულდება და სანაცვლოდ 15%-იანი მოგების გადასახადი გახდება 20%. ანუ დივიდენდის გადასახადი გადავა მოგების გადასახადში... ორი გადასახადის გაერთიანებით ხდება განაკვეთის იგივე ოდენობაზე შენარჩუნება. 5%-იანი გადასახადი, რომელიც დივიდენდზე არის ნულდება, ხოლო 15%-იანი მოგების გადასახადი ხდება 20%. შესაბამისად, ამ ნაწილში ეკონომიკური თავისუფლების აქტის მოქმედება არ იწყება“.

ლაშა ხუციშვილის მიერ წარმოდგენილი კალკულაციის მიხედვით გადასახადის ზედა ზღვარის აწევა არ ხდება, თუმცა გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ დივიდენდი არის მოგების მხოლოდ ნაწილი და ის კონკრეტული პერიოდის განმავლობაში ბანკმა შეიძლება არც გასცეს, ხოლო მოგების გადასახადი ეხება მთლიანად მოგების სახით მიღებულ თანხას.

ამის დანახვა მაგალითითაც შეიძლება.

დავუშვათ ბანკის მოგებაა 100 მილიონი ლარი:

• წარსულში ორგანიზაცია იხდიდა 15 მილიონის მოგების გადასახადს, ხოლო 85 მილიონი კი მისი წმინდა მოგება იყო;
• 2023-დან ბანკი გადაიხდის 20 მილიონის მოგების გადასახადს, ხოლო 80 მილიონი კი წმინდა მოგება იქნება.
• თუკი წარსულში ბანკი ამ 85 მილიონის წმინდა მოგებიდან 50 მილიონს გასცემდა დივიდენდად, დივიდენდის გადასახადში იხდიდა 2.5 მილიონ ლარს;
• 2023-დან ბანკი იგივე 50 მილიონის დივიდენდის გაცემისას აღარ გადაიხდის ამ 1 მილიონ ლარს, თუმცა, სანაცვლოდ მისი წმინდა მოგება ახლა არის 80 მილიონი, ნაცვლად 85 მილიონისა.

შესაბამისად, მთლიანობაში წარმოდგენილი ცვლილება მაინც საგადასახადო ტვირთის მატებას ნიშნავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები