აბუ-დაბის ზაიადის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს უსაფრთხოების კონტროლის გასავლელად ჩასხდომის ბარათები, სავარაუდოდ, 2025 წლიდან აღარ დასჭირდებათ. ფრენებზე დასარეგისტრირებლად მგზავრები სახის ამომცნობ ტექნოლოგიას გამოიყენებენ. ამის შესახებ Euronews-ი იტყობინება.
უცხოური მედიის ინფორმაციით, აბუ-დაბის აეროპორტთა გაერთიანება “ჭკვიანი მოგზაურობის” პროექტზე მუშაობს, რომელიც უსაფრთხოების შემოწმების თითოეულ ეტაპზე ბიომეტრიული ავთენტიფიკაციისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას გულისხმობს.
ახალი მოწყობილობა მონაცემებს არაბთა გაერთიანებული საამიროების ფედერალური უწყებიდან გამოითხოვს მგზავრის იდენტობის, მოქალაქეობისა და სხვა დეტალების შესახებ და მოგზაურებს ავტომატურად ამოიცნობს. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, მსგავსი ტექნოლოგიის დანერგვა მგზავრებს ფრენაზე რეგისტრაციის აუცილებელ პროცედურას თავიდან აარიდებთ.
ახალი ტექნოლოგია უზრუნველყოფს, რომ მგზავრის ფრენაზე დარეგისტრირება, ნაცვლად ახლანდელი 25 წამისა, 7 წამში გახდეს შესაძლებელი.
“პროექტი გააუმჯობესებს ავიაკომპანიების საქმიანობას ძვირად ღირებული ინფრასტრუქტურული განვითარების გარეშე და ეფექტურად ამოიცნობს ყალბ საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს”, - ნათქვამია აეროპორტთა გაერთიანების ოფიციალურ განცხადებაში.
მსგავსი ტექნოლოგიის დანერგვა იტალიაშიც დაწყებულია - მაისში მილანისა და კატანიის აეროპორტებში FaceBoarding სისტემის გამოცდა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მგზავრები აეროპორტში საკუთარ დოკუმენტებს ატარებენ და სახეს სკანერში ათავსებენ. ამის შემდეგ უსაფრთხოების შემოწმების თითოეულ ეტაპზე მგზავრს მხოლოდ საკუთარი სახის დაფიქსირება უწევს, დოკუმენტების ჩვენება კი - აღარ.
სახის ამომცნობ სისტემებს უკვე იყენებს რამდენიმე ავიაკომპანიაც, თუმცა პროექტს სრულმასშტაბიანი სახე არ აქვს. ევროკავშირი დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებისთვის იდენტური სისტემის დამკვიდრებაზე მუშაობს, რომელიც, სავარაუდოდ, 10 ნოემბრიდან გაეშვება.