მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარა ტურისტების მისაღებად ემზადება - რაზე დაიხარჯება 4.3 მლნ ლარი?

609a65d26ae96
ვიქტორია მღებრიშვილი
12.05.21 09:40
765
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ტურისტების უსაფრთხოდ მიღებისა და მომსახურების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება, მით უფრო მაშინ, როდესაც გასულ წელს შავი ზღვისპირეთი მეორე ტალღის დაწყების ერთ-ერთი მთავარი კერა იყო. ტურიზმის გააქტიურებასთან ერთად მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმაც აქტიურად დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ როგორც სახელმწიფომ, ასევე კერძო სექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტების მომსახურება უსაფრთხოდ და ვირუსის გავრცელების პრევენციის ყველა ზომის დაცვით მოხდეს.

აღნიშნული საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე BM.GE აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელს დაუკავშირდა და სეზონის მოახლოებასთან ერთად სახელმწიფო უწყების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ესაუბრა.

როგორც გაირკვა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სხვადასხვა სახის კამპანიის განხორციელებას 4 ძირითადი მიმართულებით გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 4.3 მლნ ლარია გამოყოფილი. დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე განმარტავს, რომ რიგი მიმართულებებით, რაც კერძო სექტორის ჩართულობას მოიცავს, კამპანიები 2 კვირაში დაიწყება.

„პირველი ეს არის პანდემიიდან გამომდინარე ყველა სტანდარტზე კერძო სექტორისთვის სატრენინგო მომსახურების გაწევა, თითოეული საოჯახო სახლამდე იმ რეგულაციების სტანდარტების მიტანა, რომელიც კერძო სექტორს იმისთვის სჭირდება, რომ ტურისტები უსაფრთხოდ მიიღოს. ჩვენი პროექტებით, რომელიც მორგებულია ეპიდ-სიტუაციის მოთხოვნებს, მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რომ ეს შესრულდეს. ამ მხრივ ადგილობრივ კომპანიებთან მუშაობა 2 კვირაში დაიწყება და ამ მიმართულებით 650 000 ლარია გამოყოფილი“, - ამბობს თინათინ ზოიძე.

მისი თქმით, მეორე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ქვეყნის შიგნით და მის გარეთ წელს დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიებია, რომელიც პანდემიის გამო რთულად შესასრულებელია. მარკეტინგულ აქტივობებზე დეპარტამენტს სულ 1.5 მლნ ლარი აქვს გამოყოფილი.

„საერთაშორისო ბაზრებზე მარკეტინგი ისე ვერ ხორციელდება, როგორც სტანდარტულ არაკოვიდ პერიოდში, რადგან ჩვენ სამიზნე - ევროპულ ქვეყნებში მესამე ტალღა მძვინვარებს და მდგომარეობა სწრაფად იცვლება. გრძელვადიან ჭრილში, მასშტაბური კამპანიების დაგეგმვა პანდემიის გამო ვერ ხდება, ამიტომ მოკლე - წერტილოვანი კამპანიებით შემოვიფარგლებით. მორგებული ვიქნებით იმ მიმართულებებზე, საიდანაც ჩვენს ქვეყანაში ფრენები იქნება. აქ იგულისხმება როგორც მეზობელი ქვეყნები, ასევე ის ქვეყნები, საიდანაც ფრენები სრულდება - ეს არის უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსი, ისრაელი.

რაც შეეხება შიდა ტურიზმის სტიმულირებას, ჩვენ ადგილობრივ ტურისტებს შევეცდებით აჭარაში ზღვასთან ერთად სხვა მიმართულებებიც დავახვედროთ. ამისთვის არ გავჩერებულვართ და ყველა მუნიციპალიტეტში ახალი მარკირებული მარშრუტი გვაქვს. სიახლეები იქნება ტურისტული პროდუქტების მხრივაც“, - უთხრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა BM.GE-ს.

მესამე პრიორიტეტი წელს სახელმწიფო უწყებას, ტურიზმის დაბალი მაჩვენებლების პირობებში, სერვისების განვითარება აქვს დასახული, რაც სექტორისთვის ახალი ვებ-პლატფორმის ამოქმედებასაც მოიცავს. ამ მიმართულებით ტურიზმის დეპარტამენტი 650 000 ლარს დახარჯავს.

„მომსახურების და ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთ გამოწვევად რჩება, ამიტომაც ტურიზმის დეპარტამენტი, ამ პირობებში, როდესაც ტურისტული აქტივობები მეტ-ნაკლებად შენელებულია, ამ პერიოდს სერვისის განვითარებისთვის აქტიურად გამოვიყენებთ. აქტიურად იგეგმება, როგორც დისტანციური, ასევე ინდივიდუალური სატრენინგო პროგრამები, ინგლისური ენის გრძელვადიანი კურსები, მთიან აჭარაში ძირითად ტურისტულ მიმართულებებზე სერვისების განვითარება ასევე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. გიდებისთვის ვგეგმავთ პროექტს, რომელიც სახელმძღვანელს შექმნას მოიცავს. ვამზადებთ ვიდეო გაკვეთილებს სპეციალურად იმ ადამიანებისთვის, ვინც მაღალმთიან აჭარაში საოჯახო ბიზნესს ეწევა, რაც საშუალებას მისცემს მათ წვდომა იმ ძირითად საშუალებებზე ჰქონდეთ, რომელზეც ტურიზმის დეპარტამენტი მუშაობს“, - ამბობს თინათინ ზოიძე.

გარდა ამისა, ერთ-ერთი მოცულობითი ბიუჯეტი გამოყოფილია აჭარაში ახალ ტურისტულ ლოკაციებზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, რაც ტურისტული პროდუქტების განვითარებას გულისხმობს.

„ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად ტურიზმის დეპარტამენტი ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს ახორციელებდა. აქტიურად ვახორციელებთ 6 მთის კვლევის პროექტს, რომელიც ახალი გარდამავალი მარშრუტების ნაწილში ძალიან ბევრ სიახლეს შესთავზებს ჩამოსულ ვიზიტორებს“, - აღნიშნავს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

თინათინ ზოიძის ინფორმაციით, ტურისტული პროდუქტების განვითარება ახალ მარშრუტებს, ტურისტულ ბილიკებს, საჭირო ინფრასტრუქტურას და თავშესაფრების მშენებლობას გულისხმობს, რისთვისაც 2021 წელს 1.5 მლნ ლარი დაიხარჯება.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეპიდვითარების გათვალისწინებით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უმთავრეს პრიორიტეტს სეზონზე დამსვენებლების უსაფრთხოდ მიღებაა, რაც კერძო სექტორთან თანამშრომლობით მიიღწევა. თინათინ ზოიძის თქმით, შრომის ინსპექტირება ამ ეტაპზე 700 კომპანიამ გაიარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები