მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში ნარინჯისფერი რთველი იწყება - რა რაოდენობის მოსავალს ველოდებით?

636a30e418f15
თათია ჩაფიჩაძე
08.11.22 21:15
479
აჭარაში ნარინჯისფერი რთველი 15-20 ნოემბრიდან დაიწყება თუმცა წელს, გასულ წელთან შედარებით, მანდარინის დაახლოებით 30%-მდე შემცირებულ მოსავალს ელოდებიან. შემცირებული მოსავლის მიზეზად კლიმატური პირობები სახელდება.

როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში “აგრო ინვესტ სერვისის” დირექტორმა ვაჟა მკურნალიძემ განაცხადა, გაძვირებული ლოგისტიკური ხარჯის და ლარსის გამშვებ პუნქტზე არსებული რიგების გამო შემცირდება ექსპორტიც, რაც მოსავლის გასაღების მხრივ პრობლემებს შექმნის.

„გასულ წელთან შედარებით მოსავალი 30%-ით ნაკლებია თუმცა წელს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც იქნება აჭარა-გურიის და ნაწილობრივ სამეგრელოს რეგიონში, ვფიქრობ პრობლემები მისი რეალიზაციის მხრივაც იქნება. რუსეთი პირველი გასაღების ბაზარია ციტრუსოვანთა კულტურებისთვის, მას მოსდევდა უკრაინა. 70%-მდე რუსეთის ბაზარზე გადიოდა, უკრაინის წილი კი 15-20% იყო, ამას შემდეგ მოჰყვებოდა აზერბაიჯანი და სომხეთი, თუმცა აზერბაიჯანიდანაც დიდი წილი ისევ რუსეთში გადიოდა.

წელს რთული ვითარებაა რეალიზაციის მხრივ, ალტერნატივა არ გააჩნია ლარსის გამშვებ პუნქტს და რუსეთის ბაზარს, თუმცა გამშვებ პუნქტებზე საცობები და რიგებია. დეკემბერში რთული მეტეოროლოგიური პირობები ემატება. ასევე ცუდი მდგომარეობაა ლოგისტიკის მხრივ, თანხა შარშანდელი ფონზე 100%-ით არის გაზრდილი, რაც ექსპორტიორს დიდ პრობლემებს უქმნის. გადაზიდვის ღირებულება ერთო ავტოსატრანსპორტო საშუალების თუ იყო 2000-3000$ დღეს 5 000 $-ის ფარგლებშია, ამას ემატება რისკი იმისა, რომ დაყოვნების გამო დროული გატანა ვერ მოხდება. მალფუჭებად პროდუქციას ეს დიდ საფრთხეს უქმნის, ამიტომაც ვვარაუდობთ, რომ ექსპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად დაიკლებს,“ - განაცხადა მკურნალიძემ.

BMG-თან ექსპორტიორმა კომპანიის წარმომადგენელმა ევროკავშირის ბაზარზე გატანის მხრივ არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავარი მიზეზი ამორტიზირებულ ბაღებთან ერთად შესაბამისი სტანდარტების არარსებობაა. მკურნალიძე ამბობს, რომ ქვეყანაში არ არსებობს უწყება, რომელიც ციტრუსოვანი კულტურებისთვის შესაბამისს სტანდარტებს ადგეს და დოკუმენტაციას გასცემს.

„არც ერთი და არც ორი წელი არ არის საკმარისი იმისთვის რომ ფერმერმა სასაქონლო სახის გაუმჯობესება მოახერხოს. ამას სჭირდება ბაღების განახლება, რთული აგროტექნიკური პროცედურები. ნაწილმა დაიწყო ამ მხრივ მუშაობა, თუმცა ეს ზღვაში წვეთია. ჯიშ განახლება და ამორტიზირებული ბარების განახლებას დიდი დრო უნდა. მაგრამ მარტო ფერმერსაც ვერ დავაბრალებთ იმას რომ ევროპაში ვერ გადის პროდუქცია, პრობლემა აქ ისიც არის რომ ევროკავშირის ბაზარზე გატანისთვის გვჭირდება სტანდარტი და შესაბამისი დოკუმენტაცია, ხარისხის სერტიფიკატი. არ არსებობს შესაბამისი ორგანიზაცია, სტრუქტურა რომელიც ამაში დახმარებას გაუწევს ფერმერებს და ექსპორტიორებს.

ფასი დამოკიდებული იქნება ბევრ რამეზე, ამ ეტაპზე უამინდობის გამო მწვანეა მოსავალი რაც დროში აჭიანურებს მოსავლის აღებას, ალბათ 20 ნოემბრის შემდეგ დაიწყება დაკრეფა, რაც ამცირებს რეალიზაციის პერიოდს, რომელიც ისედაც ერთი თვეა. ჭარბი მიწოდების გამო ფასის მხრივ საქმე მაინც გაფუჭდება, სამწუხაროდ არ გვაქვს ცენტრები სადაც პროდუქცია შეინახება და რეალიზაციის პერიოდი გახანგრძლივდება,“ - განაცხადა მკურნალიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები