მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჩი არველაძე: „ფეხბურთით დაინტერესებულ ბავშვთა სტატისტიკა განახევრებულია“

604dbfd08897d
თათია კაკიაშვილი
14.03.21 14:44
2456

„ფეხბურთით დაინტერესებულ ბავშვთა სტატისტიკა განახევრებულია“, - ამის შესახებ გადაცემა BMGDrive-ში აჩი არველაძემ განაცხადა. მისი თქმით, დღეს ქვეყანას 18 000-მდე რეგისტრირებული ბავშვი ჰყავს, რაც 11 წლის ზემოთ ასაკის ფეხბურთით დაინტერესებულ ბავშვებს გულისხმობს.

„საბჭოთა კავშირის პერიოდში, ფეხბურთით დაინტერესებული დაახლოებით 40 000 ბავშვი იყო. დღეს კი 40 000-დან 18 000-მდე ჩამოვედით. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ იმ პერიოდში ემიგრაციაში პრაქტიკულად არავინ მიდიოდა და პლუს ვითვლიდით ე.წ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მოსახლეობასაც. ესე იგი, ჩვენი მოსახლეობის მინიმუმ 20% სწორედ ამის გამო გამოაკლდა ფეხბურთით დაინტერესების სტატისტიკას. არ უნდა დაგვავიწყდეს მინიმუმ 1 მილიონი ადამიანი, რომელიც ამ წლების განმავლობაში საქართველოდან წავიდა. ბუნებრივია, ემიგრაციამაც დიდი გავლენა იქონია რიცხვების შემცირებაზე.


პოსტსაბჭოთა ქვეყნების ახალგაზრდულ ნაკრებებს რომ ჩავხედოთ, 2-3 ქართველს ყველგან აღმოვაჩენთ, განსაკუთრებით: რუსეთში, უკრაინაში, ბელარუსში, ასევე, ევროპაში წასული ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვყავს. ამიტომ ხვდებიან ისინი ადგილობრივ ასაკობრივ ნაკრებებში.  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმავე პერიოდში სასკოლო სპორტული კომიტეტები და, ზოგადად, ინფრასტრუქტურა ძალიან განვითარებული იყო: არ არსებობდა სკოლა და უნივერსიტეტი, რომელსაც საფეხბურთო გუნდი არ ჰყავდა. დღესდღეობით ფინანსური და ინფრასტრუქტურული პრობლემები შეიქმნა, რამაც სტატისტიკაზეც იქონია გავლენა. ამიტომ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ინფრასტრუქტურა გამართული იყოს, რომ ბავშვს ფეხბურთზე შესვლა მოუნდეს“, - განაცხადა აჩი არველაძემ.

მისივე თქმით, სექტორის განვითარებას დღეს ის ფაქტორის აფერხებს, რომ „ქალაქებში სტადიონის ჩასადგმელი ადგილები აღარ არის, რომ ბავშვებმა ფეხბურთი ითამაშონ, ეს კი ის პრობლემაა, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ნამდვილად ვერ მოაგვარებს.“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები