"თუ ადამიანებს ეცოდინებათ რას სთავაზობს ამერიკა და რა მოთხოვნები აქვს შრომის ბაზარს, უფრო მომზადებულები ჩამოვლენ ქვეყანაში და მალე დაიწყებენ მუშაობას", - ამის შესახებ BM.GE-სთან, ამერიკაში მცხოვრებმა ემიგრანტმა, თამუნა ქემერტელიძემ განაცხადა.
ქემერტელიძის განმარტებით, მისი სხვა ქვეყანაში მიგრაციის მიზეზი არა ფინანსური პრობლემები, არამედ, პოლიტიკურ-ეკონომიკურად სტაბილურ ქვეყანაში განვითარება იყო.
„დაახლოებით 2 წელია ამერიკაში ვარ. მთავარი ფაქტორი, რის გამოც გადავწყვიტე ამერიკაში ემიგრაცია, იყო მწვანე ბარათი. ხშირად ვამბობ ხოლმე, არ მეგულება ისეთი ადამიანი, რომელიც ამ შანსს არ გამოიყენებდა. მეც ერთ-ერთი მათგანი აღმოვჩნდი, რადგან არ მინდოდა ასეთი ტიპის შესაძლებლობების ქვეყანაზე უარი მეთქვა. ყველამ კარგად ვიცით, რომ განვითარებად ქვეყანაში ცხოვრებას, განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება სჯობს, სადაც პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობაა.
ჩემ შემთხვევაში ფინანსური, ან სამსახურის პრობლემა არ ყოფილა. თუმცა, ადაპტაცია ნამდვილად არ არის მარტივი. ჩამოდიხარ დიდ ქვეყანაში, სადაც კონკურენცია დასაქმების ბაზარზე ძალიან დიდია. შესაბამისად, აქ ძალიან ბევრი უნარის გამოყენება გჭირდება იმისათვის, რომ თავის დამკვიდრება შეძლო. აქ ერთი თვე და ორი თვე თავის დასამკვიდრებლად საკმარისი არ არის. ჩემ შემთხვევაში თავის დამკვიდრების პროცესს დღემდე გავდივარ. ყველგან გიწევს ძალების მოსინჯვა“, - აცხადებს ქემერტელიძე.
მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია სამუშაოს მაძიებლებს საქართველოშივე ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ რა ქვეყანაში მიდიან, რას სთავაზობს შრომის ბაზარი და რა მოთხოვნები აქვს.
„საქართველოში აქცენტს აკეთებენ იმაზე, თუ რამდენი ემიგრანტი გვყავს და არა იმაზე, თუ რა სფეროებში საქმდებიან, რაც სამწუხაროა. თუ ადამიანებს ეცოდინებათ და ექნებათ ინფორმაცია, თუ რას სთავაზობს ბაზარი, სწორად მოემზადებიან და ამერიკაში მეტად ინფორმირებულები ჩამოვლენ. არ ექნებათ მოლოდინები, რომ ჩამოსვლიდან ძალიან მალე შეძლებენ მუშაობის დაწყებას, იმ სფეროში, სადაც მათ სურთ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი ძალა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აპირებენ ამ ქვეყანაში წამოსვლას, არის ინფორმაცია“,- განაცხადა ემიგრანტმა.