“სოციალური პოლიტიკის არსებული მოდელის უკუეფექტი აღმოჩნდა ის, რომ ადამიანები ზრუნავდნენ არა განვითარებაზე, არამედ იმაზე, როგორ ყოფილიყვნენ ღარიბები“, - ამის შესახებ საქართველო ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ „საქმის კურსში“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, მთავრობა შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველების „ამუშავებისთვის“ „საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების პროგრამას“ იწყებს.
„ეს არის პრობლემა, რომელი ქვეყანაში უკვე 10 წელზე მეტია დგას; ეს არის პრობლემა, რომელიც ბიზნესისთვისაც ახალი თავის ტკივილია ბოლო რამდენიმე წელია, რაც ბიზნესი გაფართოვდა, გაიზარდა ეკონომიკა, გაფართოვდა ბიზნესი და შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, თუმცა კვალიფიციური სამუშაო ძალა ნაკლებია.
ჩვენ გვქონდა სოციალური პოლიტიკა, რომელიც ახალისებდა არა განვითარებას, არამედ იმას, რომ იმას, რომ პირი მუდმივად ყოფილიყო სოციალურად შემწეობის მიმღებთა სიაში. თავის დროზე, როცა პროგრამა შეიქმნა, გათვალისწინებული იყო ის, რომ ოჯახს სჭირდებოდა დახმარება და მას ვეხმარებოდით, თუმცა ამ მოდელის უკუკეფექტი აღმოჩნდა ის, რომ ადამიანები ზრუნავდნენ არა იმაზე, როგორ განვითარებულიყვნენ, არამედ იმაზე, როგორ ყოფილიყვნენ ღარიბები; ზრუნავდნენ არა იმაზე, რომ ფანჯარაზე მიკრული პარკი ჩამოეხსნათ და შუშა ჩაესვათ, არამედ იმაზე, რომ როგორმე ისე ჰქონოდათ ეს პარკი მიკრული, რომ როცა შემმოწმებელი მოვიდოდა, დაეტოვებინა პროგრამაში“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
საქართველო ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ვარაუდით, „საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების პროგრამის“ ფარგლებში, შრომიუნარიანი სოციალურად დაუცველების დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობაში დასაქმდება.
„საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების პროგრამის“ შესახებ დღეს კითხვა უფრო მეტია, ვიდრე - პასუხი. მთავრობის ინფორმაციით, ამ საკითხზე იმუშავებს რამდენიმე სამინისტრო, მთავრობის ეკონომიკური გუნდი სპეციალისტებთან ერთად და პროგრამა მზად წლის ბოლოსთვის იქნება.




























