მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ადამიანი მიდის, მაგრამ რჩება მისი მემკვიდრეობა" - ბიზნესსაზოგადოების გამოხმაურებები თემურ უგულავას გარდაცვალებაზე

თემურ უგულავა

56 წლის ასაკში, ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ბიზნესსაზოგადოება და - არა მარტო. ადამიანები ხაზს უსვამენ თემურ უგულავას როლს ქართული სტუმარმასპინძლობისა და ტურიზმის ტრანსფორმაციაში. აღნიშნავენ, რომ ის იყო ბიზნესმენი, რომელიც ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით წინ ხედავდა მომავალს, საკუთარ კაპიტალს არასდროს იყენებდა ქალაქის საზიანოდ და თავისი პროექტებით თანამედროვე საქართველოს ახალ კონტექსტებს ქმნიდა.

ბიზნესმენ თემურ უგულავას დაფუძნებულია "აჭარა ჯგუფი", რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სასტუმროთა ქსელს აერთიანებს, ჯგუფის მიერ შექმნილია ქართული ბრენდები "რუმსი" და "სტამბა". ჯგუფი ასევე მართავს თბილისის "ჰოლიდეი ინს". ასევე, "აჭარა ჯგუფი" მართავს თბილისის სპორტის სასახლეს.

ჰოლდინგის პროექტებს შორისაა "რადიო ქალაქი" და "ფაბრიკა", ასევე ქოვორქინგის სივრცე D Block-ი. ჯგუფი სოფლის მეურნეობის მიმართულებით კომპანია "უდაბნოს" ფლობს, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი ნუშის ბაღების მმართველია.

"აჭარა ჯგუფი" წლების განმავლობაში მართავდა საქართველოს ონლაინ აზარტული თამაშების სექტორის უმსხვილეს კომპანია კაზინო და ტოტალიზატორ "აჭარას" და "აჭარაბეთს", რომელიც 2019 წელს საქართველოს ბიზნესში ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგებით Flutter Entertainment-მა შეიძინა. გარდა ამისა, აზარტული თამაშების სექტორში თემურ უგულავას მიერ არის შექმნილი "ავიატორის" ბრენდიც.

ბიზნესმენ თემურ უგულავას მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა "ველი სთორი" და სკუტერების გაქირავების აპლიკაცია "სქროლი".

"თემურ უგულავას ხედვა და ღირებულებები ყოველთვის დარჩება ჩვენი საქმიანობის საფუძვლად" - "აჭარა ჯგუფი"

"თემურის წვლილი თანამედროვე საქართველოს განვითარებაში განსაკუთრებულია. მან შექმნა პროექტები, რომლებმაც არა მხოლოდ ქართული სტუმარმასპინძლობის, არამედ ქვეყნის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების სახე შეცვალა.

წლების განმავლობაში აჭარა ჯგუფის თითოეული ბრენდის უკან თემურის იდეები, ენთუზიაზმი და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება იდგა. მისი სურვილი იყო, საქართველოს ჰქონოდა უნიკალური, საინტერესო, ყველასთვის ღია და ხელმისაწვდომი სივრცეები, სადაც თითოეული ადამიანი, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტუმარი, საკუთარ ადგილს იპოვიდა.მას გულწრფელად სჯეროდა საქართველოს უნიკალურობის და სურდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაეცნო ჩვენი ქვეყანა, მისი კულტურა, ადამიანები, ბუნება და შესაძლებლობები.

მისი პროექტების დამსახურებით საქართველო ათასობით ადამიანმა აღმოაჩინა და შეიყვარა.

ჩვენი ტკივილი განუზომელია და დღეს გვიჭირს მასზე წარსულ დროში საუბარი. თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცით, აჭარა ჯგუფის მთელი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მისი მემკვიდრეობა, გავაგრძელოთ მისი დაწყებული საქმე და ვაშენოთ ისეთი ქვეყანა, როგორისაც თავად სჯეროდა.

მისი ხედვა, ღირებულებები და სიყვარული საქართველოს მიმართ ყოველთვის დარჩება ჩვენი საქმიანობის საფუძვლად".

"ადამიანი მიდის, მაგრამ რჩება მისი საქმე, მისი იდეები და მისი მემკვიდრეობა" - ვალერი ჩეხერია, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Salt Projects-ის თანადამფუძნებელი

თემურ უგულავა! იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნოდა, ვინც საკუთარი ხედვით, სიმამაცითა და დაუღალავი შრომით ახალი ეპოქა შექმნა.

მან გვასწავლა, რომ დიდი საქმე დიდი ოცნებით იწყება, ხოლო მისი განხორციელება რწმენით, გამბედაობითა და ადამიანების გაერთიანებით არის შესაძლებელი.ჩემთვის კი მისი დაკარგვა გაცილებით მეტია. თხუთმეტი წლის განმავლობაში მე მის გვერდით ვქმნიდი იმ ყველაფერს, რასაც დღეს ბევრი იცნობს და აფასებს.

ის იყო ჩემი მენტორი, ჩემი უფროსი ძმა, ადამიანი, რომელმაც მომცა ნდობა, მასწავლა დიდი ფიქრი, გაბედული გადაწყვეტილებების მიღება და არასოდეს დაკმაყოფილება ჩვეულებრივით.

მისი კვალი დარჩება არა მხოლოდ მის მიერ შექმნილ სივრცეებსა და პროექტებში, არამედ იმ ადამიანებში, რომლებსაც გზა გაუხსნა, იმ ღირებულებებში, რომლებიც დაამკვიდრა, და იმ თაობებში, რომლებსაც შთააგონა.

ადამიანი მიდის, მაგრამ რჩება მისი საქმე, მისი იდეები და მისი მემკვიდრეობა. სწორედ ამით იზომება დიდი სიცოცხლე.

მადლობა ყველაფრისთვის, თემურ. მადლობა ნდობისთვის, მეგობრობისთვის, გაკვეთილებისთვის და იმ გზისთვის, რომელიც ერთად გავიარეთ".

"ძალიან განვიცდი, როცა ასეთი გამორჩეული, ღირსეული ადამიანები აკლდებიან საქართველოს" - ბიზნესმენი თემურ ჭყონია

"მშვიდობით, ჩემთვის სამაგალითო ადამიანო.

ძალიან განვიცდი, როცა ასეთი გამორჩეული, ღირსეული ადამიანები აკლდებიან საქართველოს.

ღმერთმა ნათელში გამყოფოს".

"ბიზნესმენი, რომელმაც თავისუფალი სივრცეების შექმნით, საქართველო ასეთივე ადამიანებისთვის მიზიდულობის ადგილად აქცია" - ბიზნესმენი რესან ქიქავა

"თემურ უგულავაზე ხშირად მისაუბრია, როგორც ბიზნესმენზე, რომელმაც თანამედროვე, თავისუფალი და "ხარისხიანი” სივრცეების შექმნით, საქართველო ასეთივე ადამიანებისთვის მიზიდულობის ადგილად აქცია.

რთულია ამ მხრივ მისი წვლილის გადაჭარბებით შეფასება.უდიდესი დანაკლისია".

"ხედვა და გამბედაობა, რომელმაც ქართულ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას ახალი მიმართულება მისცა" - "საქართველოს ბანკი"

"ხედვა და გამბედაობა, რომელმაც ქართულ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას ახალი მიმართულება მისცა.

მადლობა მემკვიდრეობისთვის, რომელიც მომავალ თაობებს შთააგონებს".

თემურ უგულავა იყო, არის და იქნება ადამიანი, რომელიც თანამედროვე საქართველოს კონტექსტებს ქმნიდა - Setanta Sports Georgia

"თემურ უგულავა იყო, არის და იქნება ადამიანი, რომელიც თანამედროვე საქართველოს კონტექსტებს ქმნიდა.

აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი სპორტული მედიის შემქმნელი, სპორტის უდიდესი ენთუზიასტი და პიროვნება, რომელიც 21-ე საუკუნის საქართველოს კულტურულ შრეებსა და თავშეყრის ადგილებს აყალიბებდა.

ვუსამძიმრებთ სპორტის ქომაგებს, მათ, ვინც ურბანული არქიტექტურის განვითარებას გულშემატკივრობდა, ასევე მათ, ვინც ახლისა და ძველის შერწყმით მიღებული სივრცეებითა და პლატფორმებით სარგებლობდა, რომელიც თავის მხრივ მუშაობის, საზოგადოებრივი აქტივიზმისა და გართობის ცენტრებად იქცა.

ვიზიარებთ ოჯახის, მეგობრების, თითოეული გუნდის წევრისა და სეტანტას ერთიანი ოჯახის მწუხარებას".

"თემურ უგულავამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე საქართველოს გლობალურ რუკაზე წარმოჩენაში" - სასტუმრო AltiHut

"თემურ უგულავამ მნიშვნელოვანი და წარუშლელი კვალი დატოვა ქართული ბიზნესის განვითარებასა და თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებაში. მისი საქმიანობა, ხედვა და ენერგია მრავალი წარმატებული წამოწყებისა და მეწარმისთვის შთაგონების წყაროდ იქცა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე საქართველოს გლობალურ რუკაზე წარმოჩენაში".

"ადამიანი, რომელმაც ქართული სტუმარმასპინძლობა და ტურიზმი რეალურად შეცვალა" - თამრიკო სიხარულიძე, გასტრონომიული კულტურის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელი

"დღეს წავიდა ადამიანი, რომელმაც ქართული სტუმარმასპინძლობა და ტურიზმი რეალურად შეცვალა.

თემურ უგულავა იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით წინ ხედავდა. მის მიერ შექმნილი: „სტამბა“, „რუმსი“, „ფაბრიკა“, და კიდევ ბევრი სხვა პროექტი მხოლოდ წარმატებული პროექტები არ არის, ეს არის იდეები, რომლებმაც ბევრი ადამიანის ცხოვრება, მოგზაურობა და საქართველოს აღქმა შეცვალა.

თემურმა ბევრ ჩვენგანს დაანახა, რომ საქართველოშიც შესაძლებელია შეიქმნას სივრცეები, რომლებიც მსოფლიო დონისაა და ამავდროულად საკუთარ ხასიათს, კულტურასა და იდენტობას ინარჩუნებს. ეს იყო მისი განსაკუთრებული ნიჭი ხედავდა იმას, რასაც სხვები ჯერ ვერ ამჩნევდნენ.

მან თავისი კვალი დატოვა არა მხოლოდ შენობებში, არამედ ადამიანებში, მთელ ინდუსტრიასა და იმ ხედვაში, რომელმაც ქართული სტუმარმასპინძლობა სრულიად ახალ დონეზე აიყვანა.თემური მხოლოდ წარმატებული მეწარმე და ინოვატორი არ ყოფილა.

ის იყო ადამიანი, რომელსაც ესმოდა საზოგადოების, ქალაქისა და ქვეყნის მნიშვნელობა. მის მიერ შექმნილი სივრცეები მხოლოდ სტუმრების მიღებას არ ემსახურებოდა ისინი ადამიანების, იდეებისა და თავისუფალი აზრის შეხვედრის ადგილებად იქცა. ამიტომ მისი მემკვიდრეობა მხოლოდ არქიტექტურასა და ბიზნესში არ დარჩება. ის დარჩება იმ ადამიანებშიც, ვინც მისგან ისწავლა, რომ წარმატებას მაშინ აქვს ფასი, როდესაც მას მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაც ახლავს.

დიდი დანაკლისია მთელი სფეროსთვის".

თემურ, შენმა სიკეთემ, სიბრძნემ და შენმა არსებობამ უამრავი ადამიანის ცხოვრებაზე დატოვა კვალი, მათ შორის ჩემსაზეც.

"ის, რაც თემურ უგულავამ დატოვა, იქნება მემკვიდრეობა, რომელიც სულ იცოცხლებს" - ლევან ბერულავა, Salt Projects-ის თანადამფუძნებელი

"თემურ, შენმა სიკეთემ, სიბრძნემ და შენმა არსებობამ უამრავი ადამიანის ცხოვრებაზე დატოვა კვალი, მათ შორის ჩემსაზეც.

"მადლობელი ვარ ყოველი მოგონებისთვის, ყოველი საუბრისთვის და ყოველი ერთად გატარებული წუთისთვის. ასევე უსაზღვროდ მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც შენი მენტორობით ერთად შევქმენით, გავუფრთხილდით და გავაზიარეთ.

ის, რაც შენ დატოვე ადამიანებში, შენს საქმეებში და ჩვენს საერთო მოგონებებში, იქნება შენი მემკვიდრეობა, რომელიც სულ იცოცხლებს".

"თემური იყო და არის ადამიანი, რომელიც ჩვენს ყველა წამოწყებას, ყველა იდეას, ყველა ახირებას იზიარებდა" - ფაბრიკა

"ფაბრიკას თითოეულ რეზიდენტს, თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ მეგობარს და მცხოვრებელს ძალიან გვიჭირს საკმარისი სიტყვების თქმა, საკმარისი მადლიერების გამოხატვა ჩვენი მეგობრის, გულშემატკივრისა და ფაბრიკას შემოქმედის მიმართ

თემური იყო და არის ადამიანი, რომელიც ჩვენს ყველა წამოწყებას, ყველა იდეას, ყველა ახირებას იზიარებდა. მეგობარი, რომელიც ჩვენი თავბრუდამხვევი ყოველდღიურობის მხარდამჭერი და თანამონაწილე იყო.

ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, ყველა მეგობარს თუ ნაცნობს, ყველა გუნდის წევრს

მადლობა, სულ და მუდამ"


ჩვენ გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც არღვევენ არსებულ სტერეოტიპებსა და ჩარჩოებს... ასეთი იყო თემურ უგულავა - მამუკა ხაზარაძე

"ჩვენ გარშემო არიან ადამიანები, სამწუხაროდ, ერთეულები, რომლებიც არღვევენ არსებულ სტერეოტიპებსა და ჩარჩოებს, არ ემორჩილებიან დადგენილ თამაშის წესებს, ქმნიან ახალ რეალობას, ახალ სტილსა და გარემოს, რომელიც მათ გარშემო მყოფ ადამიანებს საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობას აძლევს. თემური ბევრ სიკეთეს და ქველმოქმედებას აკეთებდა და ამის შესახებ არ საუბრობდა როგორც წესი.

ეს ლიდერის თვისებაა. ეს ნამდვილი ენტერპრენორული აზროვნება და მოქმედებაა - ეს თავისუფლებაა ადამიანში.

ასეთი იყო თემურ უგულავა. მან ეს შეძლო და ძალიან წარმატებითაც. მისი უდროოდ გარდაცვალება დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის.

ნათელში იყოს შენი სული, თემურ".

"მადლობა თემურ უგულავას ბიზნესისა და ქვეყნის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის" - თიბისი

„გრავიტაცია ქაოსს აქცევს წესრიგად. ეს არის ძალა, რომელიც ყოველთვის ჩვენ გარშემოა, ყველგანაა, იყო ჩვენამდე და იქნება ჩვენი არსებობის შემდეგაც…”

მადლობა თემურ უგულავას ბიზნესისა და ქვეყნის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, თამამი იდეებისთვის და მიზიდულობის იმ წერტილების შექმნისთვის, რომლებიც ადამიანებს აერთიანებს, ერთმანეთთან აკავშირებს და კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გააგრძელებს სიცოცხლეს"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები