ADB-ის აზიის რეგიონალურმა ეკონომისტმა ლილია ალექსანიანის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკაში რისკების უმეტესად საგარეო შოკებიდან მომდინარეობს. ამის შესახებ მან გადაცემა „ანალიტიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე ამჩნევენ თუ არა აზიის განვითარების ბანკში საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე უფრო მეტად დამოკიდებულების ტენდენციას და არის თუ არა ეს რისკი, ლილია ალექსანიანი პასუხობს, რომ ეს რისკია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ კავკასიისა და ცენტრალური აზიის მთელი რეგიონისთვის.
„გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის რისკი – ჩვენ ასე მოვიხსენიებთ ამ რისკს. სავაჭრო ნაკადები იცვლება, ქვეყნები ცდილობენ ახალ სავაჭრო მარშრუტებს მოერგონ – ეს ქმნის სწორედ ამ გეო–ეკონომიკურ ფრაგმენტაციას და მას, ცხადია, გარკვეული რისკები და გამოწვევები უკავშირდება. ეს ყველაფერი საკმაოდ რთულია ბიზნესებისთვის, ადაპტაციის ნაწილში – ამას დრო სჭირდება. ეს აძვირებს ტრანსპორტირებას, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ეს ქმნის ინფლაციის ზრდისკენ ზეწოლას, ზრდის გაურკვევლობას ბაზარზე, რაც ძალიან მალე ითარგმნება ადგილობრივ ინფლაციაშიც, განსაკუთრებით, ნავთობის ფასების გავლენით. ამას ემატება ის გეოპოლიტიკური რისკებიც, რაც რეგიონშია, მაგალითად, შუა აღმოსავლეთში. ეს საგარეო შოკები საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზეც ვრცელდება და დიახ, ეს ქმნის იმ რისკებს, საბოლოო ჯამში, რასაც ყურადღებით ვადევნებთ თვალს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით.
საქართველოში ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად იყო განპირობებული გარე ნაკადების შემოდინებით – მათ შორის, მიგრანტები, ტურიზმი და ა.შ. – ამ ტენდენციების ნებისმიერ შეტრიალებას შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ადგილობრივ პოლიტიკაზე და ეს არის სწორედ პოლიტიკის გადაწყვეტების ნაწილში მაღალი გაურკვევლობა. სხვა ქვეყნების მაგალითებიც აჩვენებს, რომ როცა ქვეყანაში საარჩევნო ციკლია, ეს ანელებს რეფორმების განხორციელების ტემპს, რაც ასევე ამ გაურკვევლობის ნაწილი შეიძლება გახდეს ქვეყანაში – ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკაზე, შეანელოს ბიზნესის მხრიდან გადაწყვეტილებების მიღების პროცესი და ა.შ. ეს არის გაურკვევლობის ის ორი ძირითადი წყარო, რასაც ჩვენ ვითვალისწინებთ ჩვენს პროგნოზებში“, - განმარტა ლილია ალექსანიანმა ADB-ის მიერ ქვეყნებისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების შეფასებაზე საუბრისას.
რაც შეეხება „ანალიტიკას“ წამყვანის კითხვას შერბილდებოდა თუ არა ქვეყნის ეკონომიკაზე მოქმედი საგარეო რისკები, რომელსაც ADB უყურებს, იმ შემთხვევაში თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა არ შეჩერდებოდა, ADB-ის აზიის რეგიონალური ეკონომისტი ეთანხმება და აცხადებს, რომ გრძელ ვადაში ქვეყანას სტრუქტურული რეფორმები სჭირდება.
„ვფიქრობ, ასეც შეიძლება ითქვას, რადგან რისკების უმეტესობა, რასაც ჩვენ საქართველოს ეკონომიკის შემთხვევაში ვაკვირდებით, უმეტესად საგარეო შოკებიდან მომდინარეობს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ გვსურს, საქართველოს ეკონომიკის მედეგობა გაიზარდოს, საქართველომ თავისი მედეგობა სწორედ ამ შოკების წინააღმდეგ უნდა გაზარდოს. ეს გულისხმობს პრუდენციულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, მარკოეკონომიკურ სტაბილურობას, რეზერვებს და ბუფერებს – ყველაფერს, რასაც შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ამ შოკებს. ეს უფრო მეტად მოკლე და საშუალო ვადიანი გადაწყვეტებია. გრძელ ვადაში, რა თქმა უნდა, ქვეყანას სჭირდება სტრუქტურული რეფორმები და ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე კაპიტალიზება, მათ შორის, ევროკავშირში გაწევრიანება, ეკონომიკის დივერსიფიცირება – სავაჭრო, რეგიონალური – ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა გარე შოკების მიმართ ამ მედეგობის შექმნისთვის“, - განმარტავს ADB-ის აზიის რეგიონალური ეკონომისტი „ანალიტიკასთან“ ინტერვიუში.