სალომე ზურაბიშვილმა საგამოძიებო უწყებას მიმართა. საქმე ეხება დღეს, აეროპორტში მომხდარ ძალადობის ფაქტს.
„ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ყველაფრის გატარება არ შეიძლება. დღეს საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე, ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ, იმიტომ რომ ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ ძალადობას, წინასწარ ორგანიზებულს და შემდგომ უკვე პოლიტიკოსების მიერ, ოცნების მიერ პირდაპირ გამართლებული ძალადობა პრეზიდენტის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა, ისინი რომელ პრეზიდენტს ცნობენ, თუ არ ცნობენ. ეს არის სახელმწიფო და ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ სცემენ პატივს, მე ვარ იმის სიმბოლო, რასაც ებრძვის ქართული ოცნება - ქართულ სახელმწიფოს, ტრადიციებს, ზრდილობას, მაგრამ ეს უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც დაავიწყდათ და საქართველოს სურათს მსოფლიოში“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი, დღეს მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე.
ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, ევროპიდან, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას უცხო პირებმა კვერცხები დაუშინეს სალომე ზურაბიშვილსაც.
18 თებერვალს გერმანიიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ესროლეს კვერცხები. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა.




























