2022 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი მცირდება და 2024 წელს ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობამ 2015 წლის შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ IDFI-ის [ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი] მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში წერია.
კვლევაში წერია, რომ არასტაბილურობით ხასიათდება ევროკავშირის ბაზრის ათვისება, რომელთანაც საქართველოს უკვე რამდენიმე წელია თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმება აქვს.
კვლევის მიხედვით, ბოლო ათ წლიან პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის ვარდნა ყველაზე მკვეთრი 2024 წელს იყო - წლიურად -21.7%. ყველაზე დიდ ნიშნულს კი ექსპორტმა 2022 წელს მიაღწია - 761 მლნ. აშშ დოლარი - ორ წლიან პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 284 მლნ. დოლარით, - 37.3%-ით შემცირდა.
ასევე მცირდება მთლიან ადგილობრივ ექსპორტში ევროკავშირის წილიც, რომელმაც 2024 წელს ბოლო 10 წლის მინიმუმი - 15.8% შეადგინა. შედარებისთვის: 2019 წელს ეს მაჩვენებელი 31%-ს შეადგენდა. 
თუკი 2014 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, ევროკავშირის ქვეყნებში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი მხოლოდ 17%-ით გაიზარდა, 60%-იანი იყო ზრდა დსთ-ს ქვეყნებში. კერძოდ, დსთ-ს ქვეყნებში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტმა 2024 წელს 1.2 მლრდ დოლარი შეადგინა - მთლიანი ექსპორტის 41%. თუკი ევროკავშირის წილი მთლიან ექსპორტში შემცირების ტენდენციას აჩვენებს, ზრდა ფიქსირდება დსთ-ს ქვეყნებზე, რომლის წილიც მთლიან ექსპორტში ისტორიულ მაქსიმუმზეა.




























