ქსელურ მაღაზიებში მომხმარებელს იმპორტირებული პროდუქტის ასორტიმენტში უფრო დიდი არჩევანი ხვდება, ვიდრე ადგილობრივის. აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილობრივი მწარმოებლებიც მუდმივად საუბრობენ და განმარტავენ, რომ მათთვის მაღაზიების დახლებზე მოხვედრა უამრავ ბარიერთან არის დაკავშირებული, ძირითადი გამოწვევა კი იმ ხარჯებს უკავშირდება, რომელთა გაღებაც მეწარმეებს დახლებზე მოსახვედრად უწევთ.
ადგილობრივი მწარმოებლები აღნიშნავენ, რომ მაღალი გადასახადების გათვალისწინებით იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენციაში ვერ შედიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ქართულ წარმოებას მეტი ხელშეწყობა სჭირდება, რათა მომხმარებლისთვის ქართული ნატურალური პროდუქტი ხელმისაწვდომი იყოს.
როგორც „რითეილ ასოციაციაში“ bm.ge-სთან განმარტავენ, მოლაპარაკებების წარმოება და მიღწეული შეთანხმებების პირობების დაცვა, ქართველი მწარმოებლების მხრიდან დღეს პრობლემას წარმოადგენს. ასოციაციის ინფორმაციით, მთავარ სირთულეებს, რასაც ქსელები ადგილობრივ მეწარმეებთან აწყდებიან მცირე წარმოებებია, რის გამოც ისინი ქსელებისთვის პროდუქტის უწყვეტად მიწოდებას ვერ ახერხებენ.
„ზოგჯერ მეწარმეებს არ აქვთ წარმოდგენა თუ რას ნიშნავს მარკეტინგული გადასახადი. რაღაც რაოდენობა, რომ მოხვდება დახლებზე, შემდეგ ისინი ხელშეკრულების პირობებს ვეღარ ასრულებენ და დახლები ცარიელი რჩება. ქსელური მარკეტები ორიენტირებულნი არიან ბიზნესსა და მომხმარებელზე, ამიტომ მომხმარებელს ცარიელი დახლები არ უნდა დახვდეს“, - აღნიშნავს „რითეილ ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე სოფიო ქაშაკიშვილი.
ადგილობრივი მწარმოებლებისთვის უწყვეტობის შენარჩუნების პრობლემაზე სუპერმარკეტების ქსელის “ზღაპარის” გენერალური დირექტორიც საუბრობს. თამარ უდესიანი bm.ge-სთან ამბობს, რომ ადგილობრივ მეწარმეებს მარკეტებში საშეღავათო პირობები აქვთ და იმ შემთხვევაში თუ მწარმოებლები ქსელის მუდმივ მომარაგების და ხარისხის შენარჩუნებას შეძლებენ - ქსელები მათთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.
„უწყვეტობა ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი მოთხოვნაა ჩვენი მხრიდან. მწარმოებელმა მარკეტს პროდუქტი უწყვეტად უნდა მიაწოდოს და ხარისხი უნდა იყოს სტაბილური. თუ ამას შეძლებენ - მზად ვართ ხელი შევუწყოთ ნებისმიერ ქართულ მცირე წარმოებას“, - ამბობს ის.
მაღალი გადასახადი, მარკეტინგული აქტივობების ხარჯი, ქეშბექები და ხშირ შემთხვევაში ქსელებისგან თანხის ამოღების საკითხი - ეს ის პრობლემებია, რომლებზეც bm.ge-სთან ქართულ წარმოებებს არაერთხელ უსაუბრიათ. უწყვეტი მიწოდების შემთხვევაშიც გაუმკლავდებიან თუ არა ქსელებში შესვლის ხარჯებს ეს სადავოა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მცირე თუ საშუალო წარმოებები ეტაპობრივად თავს საერთაშორისო ბაზრებზე იმკვიდრებენ, რაც მათთვის წარმადობის გაზრდის მთავარი მოტივატორია.