საქართველოში ღორების რაოდენობა 12%-ით შემცირდა და ბოლო ათი წლის მინიმუმზეა. ფერმერთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ ძირითადად ღორის ფერმების დახურვის მიზეზი იმპორტის გააქტიურებაა.
რატი კოჭლამაზაშვილის შეფასებით, ადგილობრივად ფერმების მოვლა გაძვირდა, ქართველი ფერმერები კი იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენციაში ვეღარ შედიან, რის გამოც ფერმის ქონა მათთვის აზრს კარგავს.
“რაც შეეხება იგივე ხორცპროდუქტებს თუ რძის პროდუქტებს, საკმაოდ მზარდია მოთხოვნა, რაც გამოწვეულია გარკვეულწილად მსყიდველობითუნარიანობის ზრდით და ასევე ტურისტული ნაკადების ზრდით. კარგი იქნებოდა, რომ ეს შესაძლებლობა გამოყენებული იყოს.
თუმცა ვხედავთ, რომ მაგალითად ღორის მიმართულებით წლიდან წლამდე იკლებს [წარმოება] და ძირითადი მიზეზი ვიცით რაც არის. ეს არის რუსეთიდან შემოყვანილი ღორი, ხოლო ღორის ხორცი ბევრი ქვეყნიდან შემოდის, რაც შეეხება გაყინულს.
ძირითადად მაინც ეს გამოწვეულია იმით, რომ თვითღირებულება ბევრად ნაკლები უჯდებათ [იმპორტიორებს]. მოგეხსენებათ, რომ იქ იგივე მარცვლეული, რაც ძირითადი საკვები არის, იმპორტიორებს თვითონ მოჰყავთ და ჩვენს შემთხვევაში, მარცვლეულზე ისევ რუსეთზე ვართ დამოკიდებული და ეს, რა თქმა უნდა, აძვირებს წარმოებას,”-ამბობს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი.
2025 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ღორის სულადობა შემცირდა, ქათმის გაიზარდა - საქსტატი




























