მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ადიგენში სტიქიით დაზარალებულ 22 ოჯახს განსახლებისთვის სახელმწიფო კომპენსაციას გადაუხდის

ადიგენი

ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და განსახლებას დაქვემდებარებულ 22 ოჯახს სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაცია გადაეცემა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის 2025 წლის 11 სექტემბრის განკარგულებით ხდება ცნობილი.

დოკუმენტის თანახმად, კომპენსაცია გაიცემა იმ ოჯახებზე, რომელთაც სტიქიის შედეგად საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართი დაუზიანდათ.

„ამ განკარგულების გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხის გაცემის შემდგომ, ამავე განკარგულების დანართით გათვალისწინებულ ფიზიკურ პირებს, აგრეთვე იმავე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით სხვა პირებს აღარ წარმოეშობათ უფლება, ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალების გამო, მოითხოვონ სახელმწიფოსგან ან/და მუნიციპალიტეტისგან რაიმე სახის კომპენსაცია ან უძრავი ნივთის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა“, - წერია # 1990 განკარგულებაში.

თანხის ოდენობა განისაზღვრა შემდეგი პრინციპით:

  • 50 000 ლარი — იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულ ოჯახს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი;
  • 30 000 ლარი — იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს საკუთრებაში ჰქონდა საცხოვრებელი ფართი და იგი განკარგულების გამოცემის შემდეგ გაასხვისა.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ განკარგულების ფარგლებში გაცემული საკომპენსაციო თანხა არ გაითვალისწინება ოჯახის შემოსავლებში „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ ადმინისტრირების მიზნებისთვის და არ წარმოადგენს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმების საფუძველს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები