„ძალაუფლება აქვს ქართველს ხალხს და, ადრე თუ გვიან, ხელისუფლება იძულებული იქნება, ამ ძალას ანგარიში გაუწიოს“, - ეს განცხადება იურისტმა ვახუშტი მენაბდემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“, „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით მოქალაქეების უწყვეტი პროტესტის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.
ვახუშტი მენაბდე ფიქრობს, რომ „თუ იქნება საკმარისი ნების სიმტკიცე და პროცესი სწორად დ გონივრულად იმართა, ეს ბრძოლა საქართველოს მოქალაქეების გამარჯვებით დასრულდება.
„მე მგონია, რომ ხანდახან არის მომენტები, როდესაც ვერც ვენეციის კომისიის დასკვნა დაგვიცავს ხელისუფლების ავტორიტარული მისწრაფებებისგან, ვერც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პრეზიდენტი და ვერც - კონსტიტუცია.
ხანდახან დგება ხოლმე მომენტი, როდესაც ერთადერთი, ვისაც შეუძლია წინ აღუდგეს დემოკრატიის საბოლოოდ განადგურების მცდელობებს, ეს არის საქართველოს მოქალაქე, ვისაც აქვს ძალა და შესაძლებლობა, გააგებინოს ხელისუფლებას იმ გზის დამღუპველობა, რომელსაც ის ადგას. ამ ბრძოლაში ჩვენი ყველაზე მძლავრი იარაღი არის ქართველი ხალხი“, - ამბობს იურისტი.
„წერტილთან“ ინტერვიუში მან ვრცლად ისაუბრა „რუსულ კანონზე“ ვენეციის კომისიის დასკვნის შინაარსზე, რომელიც ხელისუფლებამ დაიწუნა და თქვა, რომ მმართველი პარტიის მხრიდან ვენეციის კომისიის ანგარიშის კრიტიკა მოსალოდნელი იყო.
„ხელისუფლებას რომ არ მოეწონებოდა ეს დასკვნა, თავიდანვე ცხადი იყო. ჩვენ ხელისუფლება გვეუბნებოდა - „მოდით, დავსხდეთ და ვისაუბროთ ამ კანონზეო“, ოღონდ მას შემდეგ, რაც ყველაფერი დაასრულეს. შემდეგ გვეუბნებოდნენ - „ერთი არგუმენტი მაინც წარმოადგინეთ, რომ არ ვარგა ეს კანონიო“; მერე გვითხრეს - „რატომ იჩქარა პრეზიდენტმა ვეტოს დადება და რატომ არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნასო“ და ბოლოს, როცა დასკვნა გამოქვეყნდა, სადაც ფაქტობრივად, დეტალურად არის ჩამოყალიბებული რატომ არ არის ეს კანონი მოსაწონი, თქვეს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა სამართლებრივად არგუმენტირებული არაა. ხელისუფლებისგან მსგავსი შეფასებები ადრეც არაერთხელ მოგვისმენია“, - დასძინა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.