საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე, ადვოკატი ქეთი ქვარცხავა აცხადებს, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში მხარს ირაკლი ჩომახაშვილს უჭერს.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური ხვალ, 21 დეკემბერს, ექსპო-ჯორჯიას მე-11 პავილიონში, 10:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება. მეორე ტურში ადვოკატებს არჩევანის გაკეთება ირაკლი ყანდაშვილსა და ირაკლი ჩომახაშვილს შორის მოუწევთ. საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, რომელიც 20-მდე იურიდიულ ფირმას აერთიანებს, არჩევნებში მონაწილეობდა, მაგრამ თავმჯდომარეობის თავისი კანდიდატი არ დაუყენებია.
ქეთი ქვარცხავა კოლეგებს მოუწოდებს, ხმა მისცენ პროფესიის თავისუფლებას.
"ხვალ ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების მეორე ტურია. ყველა კოლეგას მოგიწოდებთ ხმა მისცეთ პროფესიის თავისუფლებას. სიჩუმე ბევრად ხმამაღალი პოლიტიკური განაცხადია, ვიდრე სამართლიანი კითხვების დასმა და კონსტიტუციური პრინციპების დაცვის მოთხოვნა.
საზოგადოების სიჯანსაღე და დემოკრატიის ხარისხი იზომება ადამიანის შინაგანი და ინსტიტუციური თავისუფლებით. თუ თქვენ ფიქრობთ, ხელისუფლებისგან რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს თქვენი აზრის გამოთქმას, ეს უკვე ნიშნავს, რომ თავისუფლებას კარგავთ.
მხარი დაუჭირეთ ცვლილებას. მე მხარს ვუჭერ ირაკლი ჩომახაშვილს, ვთვლი, რომ დღეს ადვოკატებს გვაქვს შანსი ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ ჩვენ პროფესიის თავისუფლებას არ დავკარგავთ",- წერს ქეთი ქვარცხავა სოციალურ ქსელში.




























