მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა" - აფხაზები თბილისსა და ერევანს მიმართავენ

აფხაზეთი

"მოვუწოდებთ სომხურ მხარეს, ნუ გამოიყენებენ შაბლონურ ფრაზებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მითზე", - ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ სომხეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

"საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ილია დარჩიაშვილისა და არარატ მირზოიანის შეხვედრაზე შევნიშნეთ, ქვეყნებს შორის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ მხარდასაჭერი განცხადება. საჭიროდ მიგვაჩნია, განვაცხადოთ, რომ რესპუბლიკა აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომლის სუვერენული სტატუსი კონსტიტუციით არის გარანტირებული. აფხაზეთის რესპუბლიკის ერმა საკუთარი სამშობლო ქართველი აგრესორებისგან ათასი შვილის სიცოცხლის ფასად დაიცვა. სომხურ მხარეს მოვუწოდებთ, არ ისარგებლოს მითური შაბლონური ფრაზებით, რაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება. ამასთან, ყურადღება მივაქციეთ სომხეთის სერიოზული პოზიციის ცვლილებას გაერო-ს რეზოლუციაზე, რაც იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაბრუნებას უკავშირდება. იმედს ვიტოვებთ, სომხური მხარე უახლოეს მომავალში შექმნილი სიტუაციიდან სწორ დასკვნებს გამოიტანს და ამ საკითხზე თავის პოზიციას დაარეგულირებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწეროს.

"რაც შეეხება ქართულ მხარეს, რომლის ყბადაღებულმა განცხადებებმა ე.წ. ტერიტორიულ მთლიანობაზე, უკვე დეკლარირებული ხასიათი მიიღო. აუცილებელია, საქართველოს წარმომადგენლები შეეგუონ არსებულ პოლიტიკურ რეალობას, რომელიც 1992-1993 წლებში საქართველოს საომარ დამარცხებას მოჰყვა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, გადადგას ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რომელსაც შეუძლია საფუძველი ჩაუყაროს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას და ხელი მოაწეროს შეთანხმებას აფხაზეთის რესპუბლიკასთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ", - აღნიშნულია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები