"აფხაზეთის რესპუბლიკა ძალისხმევას გააგრძელებს, რათა რუსეთთან ურთიერთობები გაამყაროს", - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილ წინასაახალწლო მილოცვაში წერია. ბადრა გუნბა პუტინს ახალ წელს ულოცავს და სამთავრობო საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.
"მაღალ შეფასებას ვაძლევთ რუსეთის მიერ მუდმივად გაწეულ მხარდაჭერას იმ ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში, რომელსაც აფხაზეთი განიცდის და სხვა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხების გადაჭრაში. აფხაზეთის რესპუბლიკა გააგრძელებს ძალისხმევას, ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად, სტაბილურობისა და თანამშრომლობის შესანარჩუნებლად ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში", - წერია მილოცვაში.
აღსანიშნავია, რომ თავად ვლადიმერ პუტინმა ბადრა გუნბას საახალწლო მილოცვა არ გაუგზავნა. რუსეთის პრეზიდენტმა მილოცვა დროებით ოკუპირებული სამაჩაბლოს ე.წ. პრეზიდენტს, ალან გაგლოევს გაუგზავნა.