დროებით ოკუპირებული აფხაზეთი, შესაძლოა, თებერვლიდან ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ბადრა გუნბამ განაცხადა. მისი თქმით, დღეში აფხაზეთი 7.5 მილიონ კილოვატ საათის ელექტროენერგიას მოიხმარს, საიდანაც 6 მილიონი რუსეთიდანაა.
"ელექტროენერგიის მოხმარებაზე ვითარება რესპუბლიკაში არ უმჯობესდება. მდგომარეობა კრიტიკულია. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებასთან საბრძოლველად", - განაცხადა ბადრა გუნბამ.
ენერგოუსაფრთხოების შტაბის ე.წ. უფროსის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, კომერციული ნაკადის ყველაზე ოპტიმალურ ფასად შესაძენად, "აფხაზური მხარე" InterRAO-სთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
"სოციალური ნაკადის დარჩენილი ნაწილი არ არის საკმარისი", - თქვა ჯანსუღ ნანბამ.
ამასთან, დღესვე ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის საფასური შარშან მოსახლეობის მხოლოდ 48%-მა გადაიხადა.
"88% შევაგროვეთ იურიდიული, ხოლო 27% ფიზიკური პირებისგან. მდგომარეობა კვლავ არადამაკმაყოფილებელია, წინა წელს თუ შევადარებთ, ვამჩნევთ შემოსავლების დინამიკურ ზრდას 36%-დან 48%-მდე", - განაცხადა ე.წ. ენერგეტიკის მინისტრმა.
აფხაზეთის ომის შემდეგ, როდესაც ენგურჰესის შენობა (სამანქანო დარბაზი) ქვესადგური და ვარდნილჰესი მთლიანად რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დარჩა, ხოლო კაშხალი, წყალსაცავი და დერივაციული გვირაბის ნახევარი გამყოფი ხაზის აქეთ, არაფორმალური, ზეპირი შეთანხმება შედგა ენგურ-ვარდნილის კასკადის გამომუშავების განაწილების შესახებ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის პროპორციით 40/60, რაც იმ პერიოდისათვის გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს დარჩენილი აქტივების შეფასებულ ღირებულებას შეესაბამებოდა. 2024 წელს აფხაზეთმა ენგურჰესისა და ვარდნილჰესის კასკადის ჯამური გამომუშავების 46% მოიხმარა.