“აფხაზური მხარე მზად არის, გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში მუშაობა განაახლოს”, - ამის შესახებ აფხაზური მედია ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ირაკლი ტუჟბაზე დაყრდნობით წერს. ირაკლი ტუჟბას განცხადებით, აფხაზეთმა წინადადების პაკეტი მოამზადა, რომელსაც დე ფაქტო მთავრობა ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს წარუდგენს.
"ვიმედოვნებ, ჩვენი ამჟამინდელი წინადადებები საქართველოსგან სათანადო გამოხმაურებას პოვებს და ამ ფორმატში მუშაობას შევძლებთ“, - აღნიშნა ტუჟბამ.
ე.წ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, აფხაზეთი რამდენიმე წელია ფორმატის აღსადგენად მუშაობს, თუმცა “საქართველოს მთავრობისგან პასუხს ვერ იღებენ”.
“გვჯერა, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფორმატია. 2021 წელს ჩვენ ოფიციალური წინადადებები შევიმუშავეთ, რომლებიც ქართველ კოლეგებს გაეროს წარმომადგენლების მეშვეობით მივაწოდეთ. ორი წელი გავიდა, სამწუხაროდ, ქართულ მხარეს არანაირი აქტივობა ან სურვილი გამოუჩენია, რომ ფორმატი განაახლოს”, - განაცხადა ირაკლი ტუჟბამ.
საკითხზე BMG საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. "ჩვენ არ ვპასუხობთ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების კომენტარებს", - განაცხადეს უწყებაში.
გალის შეხვედრები, რომელშიც აფხაზები, ქართველები, რუსეთი, ევროკავშირი და გაერო მონაწილეობენ, 2018 წლიდან არ ჩატარებულა.