აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ა(ა)იპ „სულიერების ცენტრს“ სახელი შეეცვალა. მისი ახალი სახელწოდებაა - „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრი“.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, რუსლან აბაშიძის ხელმოწერით შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.
ა(ა)იპ „სულიერების ცენტრი“ 2019 წელს, სსიპ „სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ ლიკვიდაციის შედეგად ჩამოყალიბდა. ა(ა)იპ-ის დაფინანსება წლიდან წლამდე მზარდია და მიმდინარე წელს 300 000 ლარამდეა გათვალისწინებული:
- 2020 წელი - 163 086 ლარი;
- 2021 წელი - 225 340 ლარი;
- 2022 წელი - 250 158 ლარი;
- 2023 წელი - 276 968 ლარი;
- 2024 წელი - 297 700 ლარი.
BMG-ისთან „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრში" სახელის შეცვლის მიზეზად მეტი სიცხადის შემოტანა დაასახელეს. ა(ა)იპ-ის განმარტებით, ძველი სახელწოდება - „სულიერების ცენტრი“ გარკვეულწილად ასოცირდებოდა რელიგიურ ორგანიზაციასთან, მაშინ როდესაც ცენტრი არ წარმოადგენს რელიგიური დანიშნულების დაწესებულებას.
"იქიდან გამომდინარე, რომ ცენტრის საქმიანობა მიმართულია ქართულ-აფხაზური საერთო ფასეულობების დაცვა-განვითარებასა და სამშვიდობო ტენდენციების გაღრმავებაზე, ოპტიმალურ სახელწოდებად მიჩნეულ იქნა „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრი“, რაც უკვე თავის თავში მოიაზრებს ცენტრის საქმიანობის ძირითად კონტექსტს და ქართულ-აფხაზური საზოგადოების საერთო ინტერესის გათვალისწინებით ურთიერთდაახლოების მეტ შესაძლებლობებს აჩენს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე იზრდება ცენტრის საქმიანობის
მასშტაბი და კომპეტენციის არეალი",- აღნიშნავენ ცენტრში.
რაც შეეხება ცენტრის საქმიანობას, განსახორციელებლი პროექტები მოიცავს:
- ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები და დევნილი მოზარდებისთვის „ონლაინ საკვირაო სკოლის“ ფუნქციონირებას;
- ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები და დევნილი მოზარდებისთვის საერთაშორისო ბანაკების ორგანიზებას საბერძნეთის რესპუბლიკაში;
- ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები და დევნილი მოზარდებისთვის შემეცნებითი და რელიგიური ტურების მოწყობას;
- საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთში ეკლესიების მშენებლობის და საეკლესიო ინვენტარით აღჭურვის ხელშეწყობას;
- რელიგიური ხასიათის ლიტერატურის გამოცემაში ხელშეწყობას;
- სოციალური თანადგომის საჭიროების მქონე დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერას;
- ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები და დევნილი მოზარდებისათვის საერთაშორისო ფონდებიდან უსასყიდლოდ გადმოცემული სასკოლო საჩუქრების, ტანისამოსის, ჰიგიენის სახეობების გადაცემას;
- მოზაიკის შემსწავლელი კურსების ამოქმედებას;
- ხატწერის საერთაშორისო ტრადიციების შესასწავლად დაინტერესებული პირების გაგზავნას უცხოეთში;
- მოზარდებისა და სტუდენტებისთვის შემეცნებითი ხასიათის შეხვედრების, დისკუსიების ორგანიზებას;
- მოზარდებისთვის სოციალური ხასიათის პროექტების განხორციელებას.