ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს დიპლომატის დღეს ულოცავს. ინალ არძინბას მიერ სერგეი ალეინიკისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკასა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას მყარი საფუძველი ეყრება".
"ბელარუსის რესპუბლიკის დიპლომატები პატივითა და ღირსებით იცავენ სამშობლოს ეროვნულ ინტერესებს. დღეს, როგორც ნებისმიერ დროს, ბელარუსის დიპლომატიური სკოლა არის მაღალი პროფესიონალიზმის, პროფესიული მოვალეობისადმი ერთგულების და სამშობლოსადმი გულწრფელი სამსახურის მაგალითი. აფხაზეთის რესპუბლიკასა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას მყარი საფუძველი ეყრება. ამას ჩვენი სახელმწიფოების მეთაურების ორმხრივი ვიზიტები მოწმობს. ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო, ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირები ვითარდება", - აღნიშნულია ინალ არძინბას წერილში, რომელსაც დე-ფაქტო სამინისტრო ავრცელებს.
ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლის სექტემბერში ჩავიდა, რის გამოც, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ ბელარუსის ელჩი უწყებაში დაიბარა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი კი ბელარუსში 2023 წლის 21 თებერვალს ჩავიდა. ალექსანდრე ლუკაშენკო მაშინ ასლან ბჟანიასა და ინალ არძინბას შეხვდა.
როგორც მოგვიანებით ცნობილი გახდა, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა და ბელარუსის პრეზიდენტი შეთანხმდნენ, რომ აფხაზეთი ბელარუსს აფხაზურ ღვინოს მიაწვდის.
გასული წლის 15 სექტემბერს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა აფხაზეთთან თავისუფალი ვაჭრობის გადაწყვეტილება მიიღო. ინალ არძინბას თქმით, ეს აფხაზეთის ეკონომიკურ აღიარებას ნიშნავს.
ოქტომბერში კი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრი, ლევ კვიწინია ბელარუსის საგანგებო სიტუაციების მინისტრს, ვადიმ სინიავსკის და მის პირველ მოადგილეს ალექსანდრე ხუდოლეევს შეხვდა.
17-20 იანვარს ბელარუსში სახანძრო-სამაშველო დანაყოფებს შორის ყოველწლიური ღია ტურნირი ჩატარდა, რომელში მონაწილეობა აფხაზებმა და ოსებმა მიიღეს.