დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში იმ პენსიონერებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნის პენსიას არ იღებენ, პენსიის 1000 რუბლით ზრდას გეგმავენ, რაც 28 ლარი და 20 თეთრია. საუბარია 15 795 ადამიანზე. როგორც აფხაზური მედია წერს, აფხაზეთის ე.წ. საპენსიო ფონდის თავმჯდომარე, დენის გულარია ამ თემაზე დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრ ანქვაბს შეხვდა.
გულარიას ინფორმაციით, 2024 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, 1 მილიარდ 108 მილიონი რუბლი გამოიყო პენსიების, შეღავათებისა და დამატებითი გადასახადებისთვის, რაც 144 მილიონი რუბლით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მისი თქმით, იანვრიდან "საპენსიო ფონდმა" სადაზღვევო შენატანები 1 მილიარდ 133 მილიონი რუბლის ოდენობით მიიღო, რაც 162 მილიონი რუბლით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
"2024 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, პენსიისა და შეღავათების მიმღებთა რაოდენობა შეადგენს 48 928 ადამიანს, რაც 2757 ადამიანით მეტია 2023 წელთან შედარებით. პენსიებზე დამატებითი გადასახდელების მიმღებები 13 994 ადამიანია, რაც 1 716 ადამიანით მეტია 2023 წელთან შედარებით.
2024 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, პენსიებზე დაფინანსებული დამატებითი გადახდების ოდენობამ 308 მილიონ 335 ათასი რუბლი შეადგინა, რაც 69 მილიონ 396 ათასი რუბლით მეტია 2023 წელთან შედარებით. 2024 წლის იანვრიდან საპენსიო ფონდმა 11 კატეგორიის პენსიონერებს - შშმ პირებს და 1992-1993 წლებში აფხაზეთის მოსახლეობის სამამულო ომში დაღუპულთა ოჯახებს პენსია გაუზარდა, რაც 5000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს. დამატებითი ფულადი მოთხოვნების ოდენობა წელიწადში 125 100 000 რუბლია. 2024 წლის ივლისიდან საპენსიო ფონდმა 1000 რუბლით გაზარდა პენსია გარკვეული კატეგორიის პენსიონერებისთვის, აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ არიან უცხო სახელმწიფოს პენსიებისა და სხვა სოციალური შეღავათების მიმღებები", - აღნიშნულია ე.წ. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ხანდაზმულებზე ამ ეტაპზე, პენსიის სახით 4000 რუბლს ანუ 112 ლარს გასცემს. ყველაზე მაღალი პენსია მარტოხელებს აქვთ, რაც 7000 რუბლს ანუ 197 ლარს შეადგენს.