"აფხაზეთში დემოგრაფიული მაჩვენებლები დამაიმედებელი არ არის", - ამის შესახებ "სპუტნიკ აბხაზია" ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. სტატისტიკის მიხედვით, როგორც გასულ წლებში, სიკვდილიანობა შობადობას აღემატება.
2023 წლის 1-ელი იანვრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, ოკუპირებულ აფხაზეთში 953 ბავშვი დაიბადა, რაც 2022 წელთან შედარებით, 189 ბავშვით ნაკლებია. რაც შეეხება სიკვდილიანობას. გასულ წელს 235-ით ნაკლები ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე 2022 წელს, თუმცა მაჩვენებელი შობადობას მაინც აღემატება. ჯამში, 2023 წელს აფხაზეთში 1240 პირი გარდაიცვალა.
რაც შეეხება ქორწინება-განქორწინებას. სტატისტიკის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე 634 ქორწინება დაფიქსირდა, თუმცა მაღალია განქორწინება. შარშან 514-მა ოჯახმა ქორწინება გააუქმა.