რამდენიმე დღის წინ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.
განცხადებას რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი გამოეხმაურა. ასლან ბჟანიას თქმით, აფხაზეთი საქართველოსა და სომხეთისგან განსხვავებით, საკუთარ ტერიტორიებს აკონტროლებს.
"ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, "ერთიანობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და დემოკრატია" ყველაზე შესაფერისი მახასიათებლებია აფხაზეთისთვის, რომელიც მის მთელ ტერიტორიას აკონტროლებს. არც სომხეთი და არც საქართველო ამ მახასიათებლებს არ აკმაყოფილებს",- განაცხადა ასლან ბჟანიამ.
ამასთან, დე ფაქტო პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანს მიმართა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში სომეხ ხალხს აქვს ყველაფერი, რისი მიცემაც, ბჟანიას თქმით, ფაშინიანს ყარაბაღის სომხებისთვის არ შეეძლო.
ასლან ბჟანიას განცხადებას აფხაზური მედიის ნაწილისგან კრიტიკა მოჰყვა. როგორც ტელეგრამ არხებზე წერენ, დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადება ნიშნავს იმას, რომ ასლან ბჟანია ეთანხმება, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია.