ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. ოპოზიციონერებისა და საზოგადო მოღვაწეებისგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა საკონსტიტუციო რეფორმის გატარება მოითხოვა. ე.წ. რეფორმების მანიფესტი აფხაზურ მედიაში გამოქვეყნდა.
"აფხაზეთის რესპუბლიკის 1994 წლის კონსტიტუცია ქვეყნისთვის რთულ პერიოდში მიიღეს და მან საშუალება მოგვცა, ღირსეულად გაგვევლო ეს პერიოდი. რეალობა შეიცვალა. ჩვენი ძირითადი კანონი აღარ პასუხობს თანამედროვე აფხაზეთის წინაშე არსებულ გამოწვევებს და საჭიროებს სასწრაფო კორექტირებას", - აღნიშნულია განცხადებაში.
ე.წ. მანიფესტში აღნიშნულია, რომ ე.წ. საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს, ე.წ. სახელმწიფო მმართველობა კი შერეული იყოს. მოთხოვნის პუნქტები ასეთია:
- საპარლამენტო არჩევნებისთვის შერეული (პროპორციული) საარჩევნო სისტემის კონსოლიდაცია;
- ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილების გადანაწილება შერეულ (საპარლამენტო-საპრეზიდენტო) მმართველობის ფორმაზე გადასასვლელად, სადაც პარლამენტს მთავარი როლი აქვს მთავრობის საქმიანობის ფორმირებასა და კონტროლში;
- სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერება სასამართლო ხელისუფლების ფორმირების პროცედურის რეფორმით, რომელიც განსაზღვრავს ამ პრინციპის განხორციელების უზრუნველყოფას;
- განახორციელოს ადგილობრივი საჯარო ხელისუფლების რეფორმა რაიონისა და ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელების არჩევის პროცედურის დაწესებით;
- შექმნას დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ტელევიზია საზოგადოების ავტორიტეტული და მიუკერძოებელი წარმომადგენლებისგან ჩამოყალიბებული საბჭოთი".