აგვისტოს ომიდან მე-15 წელს რუსეთი ხერსონი-სოხუმის მიმართულებით საავტომობილო ხიდის მშენებლობას აანონსებს. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
რუსეთის ფედერაციის საავტომობილო გზების ფედერალური სააგენტოს ინფორმაციით, დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის მთავრობების წარმომადგენლებმა განიხილეს მთავრობათაშორისი შეთანხმების პროექტი მდინარე ფსოუზე ხიდის რეკონსტრუქციის, კაპიტალური რემონტისა და მოვლის პროცედურის შესახებ.
დოკუმენტი არსებული საგზაო ხიდის რეკონსტრუქციას და ხერსონი - ჯანკოი - ნოვოროსიისკი - სოჭი - სოხუმის მარშრუტზე ახალი, E97 საავტომობილო ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ორივე ნაგებობა რუსეთის საკუთრება გახდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხელშეკრულების ტექსტის, ასევე მისი მოქმედების საზღვრების შეთანხმება.