დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა იმედოვნებს, რომ აფხაზეთი პალესტინასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებს. განცხადება ამის შესახებ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ გააკეთა. მისი თქმით, საკითხზე რუსეთში პალესტინის წარმომადგენელთან დიალოგი მიმდინარეობს.
მედიის ინფორმაციით, ე.წ. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საბჭოს სხდომაზე, რომელსაც დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ელჩი აფხაზეთში და რუსეთის ფედერაციის ე.წ. ელჩი აფხაზეთში ესწრებოდნენ, სხვადასხვა ქვეყანასთან ურთიერთობების განვითარებაზეც ისაუბრეს. ეს ქვეყნებია: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ირანი, ავღანეთი, იემენი და ლიბანი. არძინბას ინფორმაციით, აფხაზეთ-არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესსაბჭო შეიქმნება.
ე.წ. მინისტრმა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლების მინსკში შეხვედრაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად ქართველი დიპლომატების მძაფრი წინააღმდეგობისა, მოგზაურობა შედგა.