მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთში კოდორისა და გუმისთის ჩაკეტილი ხიდები გაიხსნა

გუმისთა

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში კოდორისა და გუმისთის ჩაკეტილი ხიდები საბოლოოდ გაიხსნა. როგორც "ეხო კავკაზა" წერს, სოხუმში დაკავებულმა ოპოზიციონერებმა იზოლატორი დატოვეს.

12 ნოემბერს ე.წ. სოხუმის საქალაქო სასამართლოს სამი დაკავებულის: გარი კოკაიას, ალმასხან არძინბასა და რამაზ ჯოპუას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები გადაეცა. მათ წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ, მაგრამ, ჟურნალისტ ელეონორა გილოიანის ინფორმაციით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო, სასამართლომ პროცესი შეწყვიტა. მისი თქმით, ომარ სმირსა და ასლან გვარამიაზე მასალები სასამართლომ არ მიიღო.

გვიან ღამით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [СГБ] თანამშრომლებმა ოპოზიციონერები, რომლებიც მიწების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვას აპროტესტებენ, მანქანიდან ძალით გადმოიყვანეს და ბორკილები მიწაზე დაწოლილებს დაადეს. აფხაზი ოპოზიციონერების დაკავებამ სოხუმში საპროტესტო აქციები, არეულობა და კოდორისა და გუმისთის ხიდების ჩაკეტვა გამოიწვია. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ოპოზიციონერები ბრუნდებოდნენ გუდაუთიდან, სადაც საზოგადოება "რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელმოწერილი საინვესტიციო საქმიანობის შეთანხმების განსახილველად" შეიკრიბა.

ოპოზიციის მხარდამჭერებმა მოსახლეობას პროტესტისკენ მოუწოდეს და გუმისთასა და კოდორის ხიდები გადაკეტეს. ხალხი შეიკრიბა სოხუმის თავისუფლების მოედანზეც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები