ოკუპირებულ აფხაზეთში მოლდოვის მოქალაქე "საზოგადოებრივი პალატის" წევრად აირჩიეს. აფხაზეთში მცხოვრები რუსები მის მოხსნას ითხოვენ. მათ გამოაქვეყნეს მიმართვა, რომლის მთავარი ადრესატი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია არის. ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, გენადი კოჟუხარის ე.წ. საზოგადოებრივი პალატის წევრად არჩევის შესახებ ცნობილი 23 ოქტომბერს გახდა. მისი კანდიდატურა "რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო გაერთიანებამ" წარადგინა.
"თქვენს ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რომ გ.ვ.-მ აფხაზეთის მოქალაქეობა ერთ თვეზე ნაკლები ხნის წინ მიიღო და არ არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. უფრო მეტიც, ის მოლდოვის მოქალაქეა და არის ეთნიკურად მოლდაველი (მამა უკრაინელია, დედა - მოლდაველი). ჩნდება კითხვა: როგორ შეუძლია მან წარმოადგინოს ჩვენი რესპუბლიკის საზოგადოება და ისაუბროს მისი სახელით?"
"დამოუკიდებელი საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლებისა და აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე მოქალაქეების" განცხადებაში აღნიშნულია, რომ კოჟუხარის არჩევა, 'მოლდოვის მოქალაქის, ქვეყნის, რომელიც არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ბადებს ეჭვებს აფხაზეთში რუსების კულტურული და ეროვნული იდენტობის პატივისცემის მიმართ".
"ნამდვილად შესაძლებელია, რომ 20 000-ზე მეტ რუს მცხოვრებ შორის არ არსებობდეს ღირსეული კანდიდატი, რომელსაც შეეძლო აფხაზეთში რუსი ხალხის ნამდვილი სახე წარმოედგინა მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის, რუსეთის მოსახლეობას, ჰქონდეთ შესაძლებლობა, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში და გავლენა იქონიონ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მათ ცხოვრებასა და მომავალზე აისახება", - აღნიშნულია განცხადებაში.