გაეროს ინფორმაციით, აფრიკის კონტინენტს 2030 წლამდე კლიმატის ცვლილებასთან გასამკლავებლად საჭირო ფინანსებზე $2.5 ტრილიონი აკლდება. როგორც Reuters-ი წერს, გაეროს წარმომადგენელმა ზიმბაბვეში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ სათბურის აირების გლობალურ ემისიებში აფრიკის კონტინენტს ყველაზე ნაკლები წვლილი აქვს, თუმცა ემისიების გავლენა აფრიკაზე ყველაზე დიდია.
აფრიკა გლობალური მწვანე ინვესტიციების მხოლოდ 2%-ს იზიდავს, თუმცა კონტინენტს სუფთა ენერგიების სექტორში 2030 წლამდე $2.8 ტრილიონის ინვესტირება სჭირდება. როგორც გაეროს აფრიკის ეკონომიკური კომისიის ხელმძღვანელმა, ჰანან მორსიმ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, აფრიკის ქვეყნები მცირე ემისიებს გამოიმუშავებენ, კლიმატის ცვლილება ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის 5% უჯდებათ. ამავდროულად, გლობალური დათბობა ყველაზე მწვავედ სწორედ ამ კონტინენტზე აისახება. თუ მთელს მსოფლიოში ათწლეულების განმავლობაში საშუალო ტემპერატურა 0.2 გრადუსით იზრდება, აფრიკაში ეს მაჩვენებელი 0.3 გრადუსია.
გაეროს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ფინანსების დეფიციტის პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს ვალიც - აფრიკის ქვეყნები, სხვა ქვეყნებთან შედარებით, 1.7 პროცენტული პუნქტით მაღალ პროცენტს იხდიან.
გაეროს კონფერენციაზე გლობალური დაფინანსების სისტემის რეფორმაზე არაერთი გამომსვლელი ალაპარაკდა. ბევრმა აღნიშნა, რომ რისკების მართვისათვის გამოყოფილი სახსრები არასამართლიანად ნაწილდება.