აფხაზეთს, ოჩამჩირის რაიონში მაღალი ძაბვის ხაზზე დაზიანების აღმოფხვრამდე, ელექტროენერგიით რუსეთიდან მომარაგდება - ინფორმაციას გამოცემა „ინტერფაქსი“ „ჩერნომორენერგოს“ პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.
მათივე ცნობით, 1 ოქტომბრის საღამოს აფხაზეთის დიდი ნაწილი მაღალი ძაბვის ხაზ „აჩგუარაზე“ დაზიანების გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
"დაზიანების გამოვლენისა და ლიკვიდირებისთვის „ჩერნომორენერგოს“ სამსახურები მუშაობენ", - აცხადებენ საწარმოს პრესსამსახურში.
„ინტერფაქსში“ აღნიშნავენ, რომ აფხაზეთი ელექტროენერგიით „ენგურჰესიდან“ მარაგდება, რომელიც ე.წ. საქართველო- აფხაზეთის საზღვარზე მდებარეობს. „ეს ერთადერთი ობიექტია, რომელსაც დღეს საქართველო და აფხაზეთი ერთობლივად მართავენ. ენგურჰესის კაშხალი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხოლო მართვის პულტი დეფაქტო აფხაზეთში გალის რაიონში მდებარეობს“, - წერს „ინტერფაქსი“.