მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აღდგეს კერძო ბაღების საქმიანობა 1 მარტიდან“ - ბიზნესი საკოორდინაციო საბჭოს მიმართავს

60337b587ac01
ვიქტორია მღებრიშვილი
22.02.21 13:49
788
კერძო ბაღები, 1 მარტიდან ამოქმედების მოთხოვნით, საკოორდინაციო საბჭოს მიმართავენ. როგორც დღეს კერძო ბაღების წარმომადგენლებმა მედიაცენტრ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 1 მარტიდან გახსნის შემთხვევაში, 2 კვირაში ბაღები კვლავ არ უნდა დაკეტონ, რადგან კერძო ბაღები ოპერირებას მათ მიერ შემუშავებული მკაცრი რეგულაციებით დაიწყებენ.

ბაღების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ არ შეიძლება საჯარო და კერძო ბაღების გახსნის შემთხვევაში ერთიანი გადაწყვეტილების მიღება, რადგან კერძო ბარები ეკონომიკურ სუბიექტებს წარმოადგენენ, რომლებიც ბიუჯეტში გადასახადებს იხდიან. ამასთან, მათივე თქმით, კერძო ბაღებში ბავშვების რაოდენობა ჯგუფებში შემცირებულია და ინფექციის გავრცელების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.

„კერძო ბაღებთან მიმართებაში არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მთავრობა ამ ეტაპზე დუმს. გვქონდა მოლოდინი, რომ საქმიანობას 1 მარტიდან აღვადგენდით. 1 წელი ხდება, რაც ფუნქციონირება შეწყვეტილი გვაქვს. გადაწყვეტილების მიღების დროს გვრჩება შთაბეჭდილება, რომ კერძო ბაღების გახსნის საკითხი საჯარო ბაღებთან ერთად განიხილება, რაც არასწორია. მივმართავთ უწყებათშორის საბჭოს - ამ სეგმენტს ნუ გააიგივებენ ერთ სინდიკატად, რადგან ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და არ ვექვემდებარებით არც ბაღების სააგენტოს და არც დაფინანსების კუთხით; ჩვენ ვართ კერძო და არა საბიუჯეტო სექტორი. მოვიძიეთ საერთაშორისო პრაქტიკა - ნორვეგია, გაერთიანებული სამეფო, აშშ და ამ ქვეყნებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ მკაცრი ინსტრუქცია კოვიდ მართვასთან დაკავშირებით, რომლის შეთანხმება გვინდა ეკონომიკის სამინისტროსთან.

ვითხოვთ, რომ 1 მარტიდან კერძო ბაღების ფუნქციონირება აღდგეს; კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ გავემიჯნოთ საჯარო ბაღებს და მათი არ გახსნის შემთხვევაში ჩვენც არ გაგვხსნან. ასეთი მიდგომა არასწორია.

მივმართავ საკოორდინაციო საბჭოს, ეკონომიკის სამინისტროს, ეპიდემიოლოგებს, რომ საკითხის განხილვისას ყურადღება გაამახვილონ სექტორზე და გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენც დავესწროთ ამ პროცესს, რათა კერძო ბაღებთან მიმართებაში მდგომარეობა სწორად შეფასდეს“, - განაცხადა საგანმანათლებლო ასოციაცია „მნათის" ხელმძღვანელმა გიგი სისვაძემ.

გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მდგომარეობა კერძო ბაღებში დამძიმდება და შესაძლოა, მათ დაუმორჩილებლობასაც მიმართონ.

გიგი სისვაძე აღნიშნავს, რომ კერძო ბაღების ნაწილი ვერ ახერხებს იჯარის გადახდას, რის გამოც მეიჯარეებს მათი ინვენტარი გარეთ გამოაქვთ და აზიანებენ. ერთ-ერთი ბაღის შემთხვევაში, დაზიანებული ინვენტარის ღირებულება 200 000 ლარს შეადგენდა.

„მინდა მივმართო მოიჯარეებს, თუ საიჯარო ხელშეკრულებები გაპრობლემებულია, გამოიყენონ საგანმანათლებლო ასოციაციის პლატფორმა მედიაციისთვის. ჩვენ ყველა პირობას შევქმნით, რომ მხარეებს შორის შედგეს შეთანხმება, თუ რომელიმე მეიჯარე მიმართავს უკიდურეს ზომებს და ვანდალიზმით დამოკიდებულებას გამოიჩენს კერძო ბაღის მიმართ, უმკაცრესად აგებენ პასუხს“, - განაცხადა სისვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები