მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აგენტების კანონის მიღებით ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება“ - თენგიზ შერგელაშვილი

64024dab424f7
თელარა გელანტია
03.03.23 23:55
1117
„ყველა გრანტი და სესხი, რასაც სახელმწიფო იღებს (არასამთავრობო ორგანიზაციების წილი გრანტებში მიზერულია) რომ გააჩერონ, რაც სულაც აღარ გამოიყურება არარეალისტურად, პირველივე წელს მშპ-ის ვარდნა მინიმუმ 15% იქნება. ამაში არ შედის უცხოური კერძო ინვესტიციების ბუნებრივად შემცირების ეფექტი“, - ამ შინაარსის პოსტი facebook-ის პირად გვერდზე საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და ამჟამად ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების პლატფორმის“ თავმჯდომარემ თენგიზ შერგელაშვილმა გამოაქვეყნა.

„აგენტების შესახებ კანონის მიღებით ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება“ - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას. მისივე აზრით, ამ კანონის მიღება აღქმული იქნება, როგორც კონფრონტაციული ნაბიჯი დასავლური სამყაროს მიმართ და აუცილებლად აისახება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან მისაღები გრანტების თუ უცხოური კრედიტების მოცულობაზე.

გარდა ამისა, თენგიზ შერგელაშვილმა რამდენიმე კონკრეტული მაგალითი მოიყვანა, რომელიც მისი თქმით, „მთავრობას სასაცილო და ტრაგიკულ მდგომარეობაში“ ჩააგდებს.

შემთხვევა #1 – გერმანიის მთავრობას ჰყავს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), რომელიც ძირითადად გასცემს გრანტებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებზე და ასევე არის KFW - გერმანიის განვითარების ბანკი, რომელიც აფინანსებს, მაგალითად, აჭარაში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ახლა რა გამოდის: ჩვენ გერმანიას ვეუბნებით, რომ შენ თუ არასამთავრობოს მისცემ გრანტს, რომ დაწეროს, მაგალითად, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია ან სხვა დოკუმენტი, რითაც ისევ რომელიმე სამინისტროს ეხმარება, მას <არასამთავრობო ორგანიზაციას> შევიყვან აგენტების სიაში, მაგრამ ამავდროულად დაგვეხმარე აჭარაში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აშენებაში. ეს ხომ გამორიცხულია?! ეს ხომ ნიშნავს ურთიერთობების გაფუჭებას გერმანულო მხარესთან?!

შემთხვევა #2 - მაგალითად, ეკონომიკის სამინისტრო წერს მცირე ბიზნესის განვითარების სტრატეგიას. მას ფინანსურად ეხმარება UNDP, რომელმაც ამისთვის ტენდერის გზით შეარჩია არასამთავრობო ორგანიზაცია, ვინც მოამზადებს სტრატეგიულ დოკუმენტს... რა გამოდის - ეკონომიკის სამინისტროსთვის სტრატეგიას რომ ამზადებს, იმ არასამთავრობოს ვუწოდებთ აგენტს. იმავე დონორმა დააფინანსა ასევე ბაკურიანში „ვორქშოპი“, სადაც სხედან სამინისტროს წარმომადგენლები და აგენტები, რომლებმაც დაწერეს სტრატეგია ამ სამინისტროსთვის - ასეთი სურათი როგორ წარმოგიდგენიათ?!

შემთხვევა #3 - თქვენ იცით, რომ მსოფლიო ბანკი ან აზიის განვითარების ბანკი როდესაც სესხს გვაძლევს, ხშირად არის ხოლმე გრანტ-ელემენტი - მაგალითად, როცა მსოფლიო ბანკი გვაძლევს 100 მილიონის სესხს, დამატებით მას მოჰყვება 7 მილიონის გრანტი, რათა ამ ფულით ვიღაცეებს ასწავლო რაღაცეები ან პროექტს ჰქონდეს დამატებითი სოციალური ეფექტი. ამ შემთხვევაში, დონორმა შეიძლება კონკურსის ან ტენდერის საფუძველზე შეარჩიოს არასამთავრობო ორგანიზაციები - ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა. ასეთ დროს მსოფლიო ბანკს რას ეტყვის საქართველოს მთავრობა - 100 მლნ ლარის სესხი მომეცი, მაგრამ იმ 7 მილიონ ლარს რომ არასამთავრობოებს მისცემ, მათ აგენტების სიაში შევიყვანო?!

ესეც სამი შემთხვევა, რომელიც სასაცილო და ტრაგიკულ მდგომარეობაში ჩააყენებს სახელმწიფოს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებიდან როგორც ჩანს, აგენტების კანონის მიღება იქნება აღქმული როგორც კონფრონტაციული ნაბიჯი დასავლური სამყაროს მიმართ, რომელიც აუცილებლად იქონიებს ზეგავლენას არა მხოლოდ იმ 5 თუ 10 მილიონ დოლარზე, რომელსაც, ჯამში, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია იღებს წლის განმავლობაში, არამედ იმ საშუალოდ 1 მილიარდ სასესხო რესურსსა და 200-300 მილიონის გრანტზე, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი იღებს. ამდენად, ამ ყველაფერს პირდაპირი ეფექტი ექნება მშპ-ის შემცირებაზეც“, - განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.

მისივე შეფასებით, „ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც თავად ამ კანონპროექტის განხილვა და დღის წესრიგში დაყენება არის იმ ტენდენციის წინააღმდეგი, რასაც ჰქვია საქართველოს ჩაწერა ცივილიზებულ სამყაროში“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები