ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აბსოლუტურად უსაფუძვლოს უწოდებს რუსეთის დაზვერვის ინფორმაციას, რომ EU-დან საპროტესტო აქციების თითოეული მონაწილისთვის საქართველოში დღეში 120 ევროა გამოყოფილი.
ელჩმა რუსულ ჰიბრიდულ ომზე ჟურნალისტებთან კახეთში, რეგიონული ვიზიტისას ისაუბრა.
"არც კი ვფიქრობ, რომ ამაზე კომენტარი უნდა გავაკეთო. თქვენს უფრო ფართო კითხვაზე, რუსეთის ჰიბრიდული ომის შესახებ, როგორც ყველამ ვიცით, ბოლო სამი წელია რუსეთი ძალიან დაკავებულია უკრაინის სასტიკი განადგურებით, ქალაქების დაბომბვით და ჯარისკაცების გარდა, მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვით, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ რუსეთი ეწევა ჰიბრიდულ ქმედებებს ყველგან: ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, საჰელში, სირიაში, ასევე მოლდოვაში, საქართველოში და ბევრ სხვა ადგილას. არ ვიცი რა მიზნები აქვს რუსულ პროპაგანდას, როცა ასეთ ტყუილებს ავრცელებს, მაგრამ მე შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს არის აღმაშფოთებელი ტყუილები, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
მისივე თქმით, მოქალაქეებისგან სოლიდარობას გრძნობს, რისთვისაც მადლობელია და იმედოვნებს, რომ ქართველები რთული ვითარებიდან გამოსავალს იპოვიან.
„დღეს შევხვდით ბევრ ადამიანს, რომლებიც შორს არიან პოლიტიკისგან და შეძრული ვიყავი ბევრი მათგანის სოლიდარობით ჩემს მიმართ. ერთ-ერთმა ქალბატონმა მითხრა, რომ როდესაც ნახა ტელევიზორში ჩემზე თავდასხმები, ეს მის ოჯახის წევრზე თავდასხმად მიიღო, ძალიან მადლიერი ვარ ასეთი მხარდაჭერის და სოლიდარობის. საქართველოში სიტუაცია არის ძალიან რთული და იმედი მაქვს, ქართველები გამოსავალს იპოვიან“, - ამბობს ელჩი.
რუსეთის დაზვერვის ინფორმაციით, ევროკავშირის ხელმძღვანელების მიზანი ევროინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე საქართველოს ნებისმიერ ფასად დაბრუნებაა, რისთვისაც ევროგაერთიანება ქართულ საზოგადოებასთან და ოპოზიციურ პარტიებთან კომუნიკაციის ფორმას ცვლის და პოლიტიკურ ზეწოლაზე გადადის. მათივე ცნობით, ევროკავშირი საქართველოში საპროტესტო მუხტისა და აქციების შენარჩუნებისთვის ფინანსურ რესურსსაც ხარჯავს, რაც თითოეულ ადამიანზე ერთი დღისთვის 120 ევროს ოდენობით განისაზღვრება.




























