უძრავი ქონების საინვესტიციო მიზნებით გამოყენებას გარკვეული რისკებიც ახლავს თან, რომლებიც დაკავშირებულია კონტრაქტორი მხარის მხრიდან პირობების შეუსრულებლობასთან ან საკუთრების დაზიანებასთან. თუკი იჯარით მყოფი ურჩი გადამხდელია, სახლის მესაკუთრეს მისი გამოყვანისთვის სამართლებრივი დავა უწევს, რასაც არაერთი თვე და შესაძლოა, წელიც დასჭირდეს, შესაბამისად გამქირავებელი მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალის წინაშე დგება.
იუსტიციის სამინისტრო მუშაობს ახალ მოდელზე, რომელიც სასყიდლიან ხელშეკრულებებში გააჩენს ახალ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც მხარეებს შეეძლებათ, კონტრაქტში წინასწარი თანხმობა განაცხადონ იმაზე, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში მეიჯარეს აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის მიმართვა შეეძლება.
BMG-იმ იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს ჰკითხა თუ რა ეტაპზეა ინიციატივაზე მუშაობა და როდის წარედგინება ის პარლამენტს. რატი ბრეგაძის განმარტებით, ჯერჯერობით სრულად შეჯერებული არ არის პოზიციები, თუ რა სახით უნდა იმოქმედოს ახალმა მექანიზმმა. თუმცა პოზიციების შეჯერების შემდეგ ის დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება.
“ინიციატივა არის დამუშავების რეჟიმში და მას შემდეგ რაც გვექნება შეჯერებული პოზიცია, უკვე წარვუდგენთ მთავრობას და პარლამენტს.
ჩვენთვის მთავარია, რომ დაცული იყოს როგორც მესაკუთრის, ასევე ხელშეკრულების მეორე მხარის უფლებები. შემუშავებული იქნება ისეთი მოდელი, რომელიც დაიცავს ხელშეკრულების ორივე მხარის ინტერესებს. თუმცა, რაც მთავარია აღსრულება უნდა იყოს მარტივი, რათა მესაკუთრის ინიციატივა ეფექტიანად იყოს დაცული,”- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
საქართველოს მთავრობამ საპოლიციო გამოსახლების ნაწილობრივ აღდგენის ინიციატივაზე მუშაობა 2023 წელს დაიწყო.