მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აგრარულ სფეროში სახელმწიფო პროგრამები კოჭლია“ - რა წაახალისებს FDI-ს სოფლის მეურნეობაში?

64a841413cd95
თელარა გელანტია
07.07.23 23:00
745
მცირე მეტეოსადგურების კომპანია Cvig Agro-ს მმართველი პარტნიორის ირაკლი ერაძის შეფასებით, უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვის აკრძალვა დარგში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკლებობის ერთ-ერთი მიზეზია.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა.

შარშან სოფლის მეურნეობაში მხოლოდ 7 მილიონამდე FDI იყო, წელს პირველ კვარტალში კი, მხოლოდ - 2.3 მლნ დოლარი.
ირაკლი ერაძე სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებს დადებითად აფასებს, მაგრამ მიაჩნია, რომ უცხოელებზე მიწის მიყიდვის კონსტიტუციის ძალით აკრძალვის გამო, ისინი „კოჭლია“.

Cvig Agro-ს მმართველი პარტნიორის თქმით, მას ესმის, რომ აღნიშნული შეზღუდვა ხელისუფლებამ ელექტორატის დაკვეთით შემოიღო, ამიტომ პირველ რიგში, მოსახლეობამ უნდა გაიაზროს, რომ აკრძალვა მათ აქტივსაც უკარგავს ფასს.
„აგრარული სფეროს მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებს დადებითად ვაფასებ, მაგრამ თითქოს კოჭლია და არაა სრულად გამართული, რადგან ამ პროგრამების პარალელურად ასეთი აკრძალვაა - ვგულისხმობ უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის შეზღუდვას; ეს აკრძალვა რომ არ იყოს, ინვესტორებს მეტი ინტერესი ექნებოდათ და სახელმწიფოს მიერ დახარჯული 1 მილიარდზე მეტი ლარით ბანკები არა 3 და 4, არამედ 10 მილიარდი ლარის პროექტებს დააფინანსებდნენ.

აღსანიშნია ისიც, რომ მხოლოდ თანხობრივად მეტი ინვესტიცია არაა მნიშვნელოვანი, არამედ FDI მოიტანდა მეტ ცოდნას და ტექნოლოგიას სოფლის მეურნეობაში; დავუშვათ, თუ ხუთ წელიწადში ავითვისებდით ამ პროგრამებით 10 ჰა მიწის ფართობს, უცხოელი ინვესტორებისთვის კარის გაღების შემთხვევაში, უფრო მეტს შევძლებდით.

ამდენად, სახელმწიფო პოგრამებით, შეიძლება, ხელისუფლება ერთი ხელით ძალიან კარგ რაღაცას აკეთებს, მაგრამ მსგავსი და სხვა წვრილი პრობლემებით პოტენციურ ბენეფიტებს ანეიტრალებს.

იმ ურთიერთობების გათვალისწინებით, რაც მაქვს სოფლის მოსახლეობასთან, გლეხებთან, ფერმერებთან, თვითონ ამ სექტორიდან მოდის ის დაკვეთა, რომ ქართული მიწა არ უნდა იყიდებოდეს, რომ ის წმინდაა და ა.შ. ამიტომ ხელისუფლებისგანაც არ მიკვირს - აკრძალვის გადაწყვეტილებაც ელექტორატზე იყო გათვლილი; ეს არის მოსახლეობისთვის კოჭის გაგორება.

ამდენად, მოსახლეობამაც უნდა გაიაზროს, რომ ვითომ ეს ეროვნული მიდგომა საბოლოო ჯამში, მათ აზარალებს - როდესაც უცხოელებზე მიწის მიყიდვა აკრძალულია, მათ მიწასაც ნაკლები ფასი აქვს და როცა დასჭირდებათ, ბანკებიც მათ ქონებას ნაკლებად შეაფასებენ“, - განმარტა ირაკლი ერაძემ.

Cvig Agro-ს მმართველი პარტნიორის ინფორმაციით, უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვა არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც უცხოელი ინვესტორები საქართველოს სოფლის მეურნეობაში ინვესტირებისგან თავს იკავებენ. „არის სხვა მიზეზებიც - სოფლის მეურნეობის სექტორს ქვეყნის საინვესტიციო გარემოსგან განყებულად ვერ განვიხილავთ; ასევე, აღსანიშნია პოლიტიკური ფაქტორები, ლარის კურსის მერყეობა და ა.შ. სხვა უამრავი წვრილ-წვრილი პობლემა, რაც არც თუ ისე სახარბიელო საინვესტიციო გარემოს ქმნის“, - აღნიშნა Cvig Agro-ს მმართველმა პარტნიორმა.

CVIG მცირე მეტეოსადგურების კომპანია, რომელიც საქართველოში 2017 წლიდან ოპერირებს. აგროსექტორში ტექნოლოგიური გადაწყვეტების დანერგვით, კომპანია ფერმერს საშუალებას აძლევს ყოველდღიურობა გაიმარტივოს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები