ფაქტორინგი და აგრარული ხელწერილი - ეს იმ ალტერნატიული ფინანსური პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომელთა განვითარებამ, შესაძლოა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში დაფინანსების წყაროების გაზრდას შეუწყოს ხელი და დარგის დაფინანსება მხოლოდ საბანკო პროდუქტებზე არ იყოს დამოკიდებული, რომელიც საკმაოდ ძვირია.
სოფლის მეურნეობაში ალტერნატიული ფინანსური პროდუქტების გაჩენის საჭიროებაზე BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის ფინანსური ბაზრების მარეგულირებელი გარემოს და ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელმა ნინო ჯავახაძემ ისაუბრა.
USAID-ის ფინანსური ინოვაციების ხუთწლიანი პროგრამის (2023-2028) ბიუჯეტი $19 მილიონია და მიზნად ისახავს დივერსიფიცირებული საინვესტიციო რესურსების და ინოვაციური ფინანსური პროდუქტების ნაკადის გაზრდას საქართველოს კერძო სექტორში, რაც ბიზნესს უნდა დაეხმაროს გაფართოებაში, სამუშაო ადგილების შექმნასა და დამატებითი კერძო ინვესტიციების მოზიდვაში.
სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში ჩატარდა თემატური მოკვლევა - „ფინანსების ხელმისაწვდომობა აგრარულ სექტორში“. ანგარიში მოიცავს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორში დაფინანსების წყაროების დეტალურ მიმოხილვას, მათ შორის, კერძო სექტორის წყაროებს და სპეციალურ სამთავრობო პროგრამებს, ასევე საერთაშორისო გამოცდილებას და სახელმწიფო უწყებების მიმართ განსაზღვრულ რეკომენდაციებს სოფლის მეურნეობის დარგში დაფინანსების ხელმისაწვდომობის შემაფერხებელი გამოწვევების გადასაჭრელად.
"$19 მილიონიდან $6 მილიონი საგრანტო ფონდია, რომელსაც დივერსიფიცირებული ფინანსური პროდუქტების განვითარებისთვის ვიყენებთ. ჩვენი მიზანი არის საქართველოს ფინანსურ ბაზარზე ახალი ფინანსური პროდუქტების გაჩენა, რომელიც იქნება უფრო რისკიანი, მაგრამ კარგი თვალსაზრისით, რადგან რისკი ცუდი არ არის. USAID-ის სხვა პროგრამებისგან ჩვენს პროგრამას ის განასხვავებს, რომ ძირითადად, კერძო საფინანსო ინსტიტუტებთან ვთანამშრომლობთ“, - ამბობს ნინო ჯავახაძე.
„USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის წარმომადგენლის შეფასებით, აგრარულ სექტორში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა უფრო შედეგია და არა - პრობლემა.
:რეალურად, ეს არის აისბერგის წვერი და არა - პრობლემა; თემატური მოკვლევის შედეგშიც გამოჩნდა, რომ გამოწვევაა თანამედროვე ცოდნის ნაკლებობა სოფლის მეურნეობაში, თანამედროვე ტექნოლოგიების შეზღუდული გამოყენება, მიწის ფრაგმენტაცია, დაფინანსების ალტერნატიული საფინანსო პროდუქტების შესახებ დაბალი ცნობიერება და ა.შ. აღსანიშნავია ისიც, რომ სოფლის მეურნეობა რისკიანი ბიზნესია - კლიმატური პირობებით დაწყებული ბევრ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. შესაბამისად, როდესაც ფერმერი მიდის ბანკში დაფინანსების მისაღებად, საფინანსო ინსტიტუტი ითვლის ყველა რისკს, რომელიც აგრარულ სექტორს ახასიათებს და შესაბამისად, კრედიტის საპროცენტო განაკვეთიც უფრო მაღალი გამოდის, ვიდრე სხვა სექტორებში. სოფლის მეურნეობაში რისკებს სახელმწიფოც ხედავს და ჩემი აზრით, დარგის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამებიც ამ რისკების შემცირებისკენ არის მიმართული და ალბათ ასეც უნდა იყოს“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ „წერტილში“.
ამ თემაზე საუბრისას მან დაფინანსების რამდენიმე ალტერნატიული პროდუქტი გამოყო, რომელთა განვითარება აგრარულ სექტორში ფინანსებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის, რაც USAID-ის პროგრამის მიზანია.
„ერთ-ერთი ასეთი ალტერნატიული ფინანსური პროდუქტია ფაქტორინგი, რომელიც გულისხმობს ინვოისების დაფინანსებასა და მიმდინარე დავალიანების მართვაში მხარდაჭერას. წარმოვიდგინოთ მარტივი მაგალითი - შენ ხარ მეწარმე, რომელიც „კარფურს“ ან „აგროჰაბს“ აწვდი გარკვეულ პროდუქციას, რა თქმა უნდა, ანაზღაურების სანაცვლოდ. შეიძლება, ანაზღაურება დროში გახანგრძლივდეს და იმ მომენტში გჭირდება საბრუნავი კაპიტალი, შეგიძლია, ინვოისი ანუ დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ „კარფურს“ შენ წინაშე ვალდებულება აქვს, ბანკში მიიტანო, რომელიც მოგცემს საჭირო თანხას, ბუნებრივია, გარკვეული პროცენტის გამოკლებით, რომელიც არის ბანკის მოგება. ამის შემდეგ კი, „კარფურისგან“ ანაზღაურებას თავად საფინანსო ინსტიტუტი დაელოდება. იმედია, სულ მალე შეიქმნება საკანონმდებლო ბაზა ამ პროდუქტის განვითარებისთვის; რამდენადაც ვიცით, საქართველოს მთავრობას შემუშავებული აქვს კანონპროექტი და ვიმედოვნებთ, მისი მიღება მალე მოხდება.
„აგრარული ხელწერილი“ - ესეც ერთ-ერთი საინტერესო ფინანსური პროდუქტია და ვფიქრობ, საჭიროც, რადგან ფერმერებისთვის ერთ-ერთი გამოწვევაა სესხის ქონებით უზრუნველყოფა. „აგრარული ხელწერილი“ გულისხმობს უზრუნველსაყოფად არა უძრავი ქონების, არამედ მარაგების გამოყენებას. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს თხილი, ხორბალი და ა.შ., რომელიც შესაბამის საწყობში დასაწყობდება და იქნება, როგორც გარანტია“, - განმარტა ნინო ჯავახაძემ.
რაზეა დამოკიდებული აგრარულ სექტორში დაფინანსების ალტერნატიული წყაროების გაჩენა? - „წერტილის“ წამყვანის ამ კითხვაზე პასუხად, USAID-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია, ალტერნატიული ფინანსური ინსტრუმენტების მხარდამჭერი სამართლებრივი ბაზის შემუშავება, რისი რეკომენდაციაც შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიმართ გაიცა.
„USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა რას გააკეთებს ამისთვის? - ჩვენი საგრანტო ფონდით ($6 მილიონი), მზად ვართ ვემუშაოთ კონკრეტულ ფინანსურ ინსტიტუტებს ამ ფინანსური პროდუქტების განვითარებაში. ეს პროდუქტები ბაზარზე ახალია და უფრო მასობრივი რომ გახდეს, ბანკებს სჭირდებათ შესაბამისი მხარდაჭერა, სჭირდებათ შიდა პროცესების აწყობა, ტრინინგები, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ა.შ. ასევე, შეიძლება, სამართლებრივი ბაზის მოწესრიგების შემდეგ, ხელისუფლებამ რომელიმე სახელმწიფო პროგრამაში დაფინანსების ალტერნატიული პროდუქტებიც ჩართოს, სესხის თანასუბსიდირების ან საკრედიტო-საგაანტიო მექანიზმის მსგავსად“, - დასძინა ნინო ჯავახაძემ.