USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის ფინანსური ბაზრების მარეგულირებელი გარემოს და ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელის ნინო ჯავახაძის აზრით, „საფინანსო სექტორში რისკისადმი დაბალ ტოლერანტობას წერტილი უნდა დაესვას“.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამისი კითხვას პასუხად განაცხადა. ინტერვიუს ძირითადი თემა აგრარულ სექტორში ფინანსური ხელმისაწვდომობის შესახებ ჩატარებული მოკვლევა იყო.
ფაქტორინგი და აგრარული ხელწერილი - ეს იმ ალტერნატიული ფინანსური პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომელთა განვითარებამ, შესაძლოა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში დაფინანსების წყაროების გაზრდას შეუწყოს ხელი და დარგის დაფინანსება მხოლოდ საბანკო პროდუქტებზე არ იყოს დამოკიდებული, რომელიც საკმაოდ ძვირია.
- რას უნდა დაესვას #წერტილი საქართველოში?
- წერტილი უნდა დაესვას საფინანსო სექტორში რისკისადმი დაბალ ტოლერანტობას. რისკი ცუდი არ არის. ჩვენ გვინდა, მეტი რისკიანი ფინანსური პროდუქტი; რისკი ცუდი სიტყვა არაა. ჩვენ ვართ დინამიკური ქვეყანა, დინამიკური ეკონომიკა გვაქვს და უფრო რისკიან პროდუქტს ხშირად მოაქვს უფრო მაღალი სარგებელი, რაც ყველამ უნდა იცოდეს.
- რისკის აღების რისკი, როგორც გამოწვევა, უფრო რომელ მხარეს არის?
- ცოტ-ცოტა ყველა მხარეს არის - როგორც საფინანსო ინსტიტუტების, ისე სახელმწიფოს მხარეს, ასევე მოსახლეობაშიც, რომელიც ცდილობს, ინვესტიცია განახორციელოს მაქსიმალურად ურისკო პროდუქტებში, როგორიც არის უძრავი ქონება, რომელიც ასევე არ არის ურისკო, თუმცა ჩვენი ქვეყნის ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, გასაგებია, რატომაც შეიძლება რისკიანი პროდუქტების მიმართ შიშები არსებობდეს, მაგრამ ნელ-ნელა მაინც აქეთკენ უნდა წავიდეთ. რისკიანი პროდუქტები ყოველთვის არ ნიშნავს ცუდს და შეიძლება, ძალიან დიდი სარგებელი მოუტანოს ყველას.
- რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის?
- მე მჯერა კერძო სექტორის; მე მჯერა, რომ კერძო სექტორის აქტივობა ქმნის განვითარებას და სახელმწიფო არის უბრალოდ თამაშის წესების შემმუშავებელი. ეკონომიკის განვითარების მთავარი გამწევი ძალა უნდა იყოს კერძო სექტორი.
- დღეს არის?
- ყოველთვის არის... საბაზრო ეკონომიკაში ყველაფერი კერძო სექტორი განსაზღვრავს.