USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის ფინანსური ბაზრების მარეგულირებელი გარემოს და ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელ ნინო ჯავახაძის აზრით, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხსნა ფერმერული მეურნეობების გამსხვილებაშია.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ აგრარულ სექტორში ფინანსების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.
ნინო ჯავახაძე, რომელიც 2016-2017 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იყო, მიიჩნევს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის შანსს ზრდის.
„ვფიქრობ, სოფლის მეურნეობაში კერძო ინვესტიციების მოზიდვის შანსი უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე გუშინ გვქონდა, რადგან გვაქვს კანდიდატის სტატუსი; იმედია, ევროკავშირის ოჯახის სრულფასოვანი წევრი გავხდებით, რაც საქართველოს მიმართ ევროპელი ინვესტორების ინტერესს გაზრდის.
რა მოიზიდავს მეტ კერძო ინვესტიციას სოფლის მეურნეობაში? - ძალიან მნიშვნელოვანია, სოფლის მეურნეობაში, ფერმერული მეურნეობები გამსხვილდეს, რადგან დღეს მაინც ფრაგმენტულია... გამოწვევაა მიწის ფრაგმენტაციაც, ასევე წარმოების მასშტაბი, რომელიც ძალიან მცირეა.
USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა მოკვლევა - „ფინანსების ხელმისაწვდომობა აგრარულ სექტორში“, რომლის ფარგლებშიც მომზადდა ანგარიში სოფლის მეურნეობის გამოწვევებზე და გაიცა არაერთი რეკომენდაცია, რომელთა შორისაა ხელი შეეწყოს საკონტრაქტო ფერმერული მეურნეობის განვითარებას. საკონტრაქტო ფერმერობა ნიშნავს პროცესს, როდესაც ერთი მსხვილი ფერმერული ბიზნესი შემოიერთებს ბევრ წვრილ ფერმერს და ისინი განსაზღვრული ფასით მიაწვდიან კონკრეტულ პროდუქტს. ეს იქნება ძალიან დიდი სტიმული წვრილი ფერმერული მეურნეობებისთვის, რადგან მათ წარმოებულ პროდუქციას გასაღების გარანტირებული შესაძლებლობა ექნება. ჩემი აზრით, სოფლის მეურნეობის განვითარების ხსნა გამსხვილებაშია და ყველა ღონისძიება აქეთკენ უნდა იყოს მიმართული“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის წარმომადგენლის შეფასებით, საქართველოს აგრარულ სექტორში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა უფრო შედეგია და არა - პრობლემა.
„რეალურად, ეს არის აისბერგის წვერი და არა - პრობლემა; თემატური მოკვლევის შედეგშიც გამოჩნდა, რომ გამოწვევაა თანამედროვე ცოდნის ნაკლებობა სოფლის მეურნეობაში, თანამედროვე ტექნოლოგიების შეზღუდული გამოყენება, მიწის ფრაგმენტაცია, დაფინანსების ალტერნატიული საფინანსო პროდუქტების შესახებ დაბალი ცნობიერება და ა.შ. აღსანიშნავია ისიც, რომ სოფლის მეურნეობა რისკიანი ბიზნესია - კლიმატური პირობებით დაწყებული ბევრ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. შესაბამისად, როდესაც ფერმერი მიდის ბანკში დაფინანსების მისაღებად, საფინანსო ინსტიტუტი ითვლის ყველა რისკს, რომელიც აგრარულ სექტორს ახასიათებს და შესაბამისად, კრედიტის საპროცენტო განაკვეთიც უფრო მაღალი გამოდის, ვიდრე სხვა სექტორებში. სოფლის მეურნეობაში რისკებს სახელმწიფოც ხედავს და ჩემი აზრით, დარგის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამებიც ამ რისკების შემცირებისკენ არის მიმართული და ალბათ ასეც უნდა იყოს“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ „წერტილში“.