მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის ფაქტორინგი და როგორ ეხმარება USAID-ის პროგრამა მის პოპულარიზაციას?

ოთარ ტაბუცაძე

USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის უფროსი მენეჯერის ოთარ ტაბუცაძის განცხადებით, USAID-ის პროგრამა ხელს უწყობს საქართველოში ინოვაციური ფინანსური პროდუქტების განვითარებას, რომელთა შორის ერთ-ერთი ფაქტორინგია.

რა არის ფაქტორინგი და როგორ მუშაობს ის?

ფაქტორინგი არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობით ბანკს და ასევე, ფაქტორინგულ კომპანიებს შეუძლიათ, თავისი კლიენტის დებიტორული დავალიანება იყიდონ. შედეგად, კომპანიას აღნიშნული დავალიანების გაყიდვით, შემოსავლის წინმსწრებად მიღება შეეძლება. მაგალითად: ნებისმიერი მიმწოდებელი, რომელიც რეგულარულად ახორციელებს პროდუქციის მიწოდებას მსხვილი სავაჭრო ობიექტის ან სხვა პარტნიორისთვის, შეძლებს მიწოდებული პროდუქციის ანაზღაურების საბუთის (ე.წ. ინვოისი) გამოყენებით, ფინანსური ინსტიტუტიდან აიღოს ინვოისის ღირებულების შესაბამისი დაფინანსება ამ ინვოისის უზრუნველყოფით, დამატებით უზრუნველყოფის გარეშე. წინასწარ შეთანხმებული პერიოდის გავლის შემდეგ, პარტნიორი კომპანია უხდის მიმწოდებლის ფინანსურ ინსტიტუტს ინვოისის სრულ ღირებულებას, ხოლო ფინანსური ინსტიტუტი ამ საშუამავლო საქმიანობისთვის გამოიმუშავებს საპროცენტო სარგებელს.

რომელ სფეროებში იყენებენ ფაქტორინგის ინსტრუმენტს?

ფაქტორინგი ძირითადად ისეთ ბიზნესსაქმიანობაში გამოიყენება, როგორიცაა: წარმოება, საბითუმო ვაჭრობა/დისტრიბუცია, მშენებლობა, ჯანდაცვა ან ფარმაცევტული კომპანიისა და ტრანსპორტის კომპანიების საქმიანობა, თუმცა ამ პროდუქტის გამოყენება შეუძლია ასევე ნებისმიერ ბიზნესს, რომელიც რეგულარულად აწვდის პროდუქციას ან უწევს მომსახურებას მომხმარებლებს.

„ფაქტორინგი აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების სახეა, რომელიც გამოიყენება მოკლევადიანი საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებისთვის“, - ამბობს ოთარ ტაბუცაძე BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში, სადაც ვრცლად ისაუბრა ფაქტორინგის უპირატესობებზეც სასესხო პროდუქტებთან შედარებით.

„პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ფაქტორინგი არ საჭიროებს დამატებით უზრუნველყოფას ანუ უძრავი ქონების/აქტივის დაგირავებას, საბანკო სესხისგან განსხვავებით - კომპანია ყიდის თავის დებიტორულ დავალიანებას ფინანსურ ინსტიტუტზე ან ფაქტორინგულ კომპანიაზე. შესაბამისად, ეს შეიძლება იქნეს გამოყენებული როგორც სესხის ალტერნატივა, განსაკუთრებით იმ კომპანიებისთვის, რომლებიც სესხებით არიან დატვირთულები. ასევე, ფაქტორინგის უპირატესობაა ისიც, რომ მისი დახმარებით კომპანიას შეეძლება ფულადი ნაკადების გაუმჯობესება და ნაღდი ფულის დეფიციტის აღმოფხვრა. ფაქტორინგის მესამე უპირატესობად კი, გამოვყოფდი მის მოქნილობას ტრადიციულ სასესხო პროდუქტებთან შედარებით და დამტკიცების ნაკლები დროს - 1-2 დღეს, რაც კომპანიის ფინანსურ ანალიზს სჭირდება“, - აღნიშნა ოთარ ტაბუცაძემ, რომელიც იმედოვნებს, რომ „ფაქტორინგის შესახებ“ კანონის მიღება და შესაბამისად, საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება ამ პროდუქტს საქართველოში უფრო პოპულარულს გახდის.

„ევროპაში, 2023 წელს, ფაქტორინგის ტრანზაქციების ბრუნვა 2 ტრილიონ ევროზე მეტი იყო, რაც მისი მშპ-ის 12%-ზე მეტია. საქართველოში კი, 2023 წელს ფაქტორინგული ტრანზაქციების ბრუნვა, დაახლოებით, 200 მლნ დოლარს შეადგენდა. ძირითადად, ბრუნვა მოდის ოთხ ფინანსურ ინსტიტუტზე. ვფიქრობთ, კანონმდებლობის მიღება გაზრდის ფაქტორინგის ინსტრუმენტზე მოთხოვნას, რადგან საკანონმდებლო ბაზის არარსებობის პირობებში ბევრი ფინანსური ინსტიტუტი ფაქტორინგს უყურებდა, როგორც უფრო მაღალრისკიან პროდუქტს და არ სთავაზობდა ამ პროდუქტს თავიანთ კლიენტებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის მიღების შემდეგ გაჩნდებიან ფაქტორინგული კომპანიებიც, რაც ასევე, საერთო ჯამში, ფაქტორინგული ტრანზაქციების მოცულობას გაზრდის“, - აღნიშნა ოთარ ტაბუციძემ.

ფაქტორინგის შესახებ კანონპროექტი - მთავრობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტშია

მისივე თქმით, USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში კერძო ინვესტიციების მოზიდვასა და ინოვაციური ფინანსური პროდუქტების განვითარებას, ცდილობს, ფაქტორინგის პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

- ჩვენი მიმდინარე საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ვთანამშრომლობთ ფინანსურ ინსტიტუტებთან, რათა ხელი შევუწყოთ აქტივებზე დაფუძნებულ დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. აღნიშნული გრანტის ფარგლებში, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ისეთ კომპანიებს, რომელთა დამფუძნებლები ან/და მმართველები არიან ქალი მეწარმეები. გარდა ამისა, ვგეგმავთ ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობას და მათ მხარდაჭერას თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით, რაც მოიცავს ადგილობრივი და საერთაშორისო ტრენინგების ორგანიზებას. ასევე, ფინანსურ ინსტიტუტებთან პარტნიორობით ვგეგმავთ სხვადასხვა აქტივობების ჩატარებას, რათა ავამაღლოთ ცნობადობა აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების შესახებ კერძო სექტორის წარმომადგენლებში.

- უფრო კონკრეტულად, რა მექანიზმებით ეხმარება ზოგადად პროგრამა ბიზნესებს და ქვეყანაში ახალი ფინანსური პროდუქტების შექმნას?

- პროგრამა მიზნების მისაღწევად მოქმედებს ორი ძირითადი მექანიზმით. ესენია ტექნიკური დახმარება, ეგრეთ წოდებული technical assistance, რაც ზოგადად ძირითადი მახასიათებელია დონორული პროგრამებისთვის და მეორე, ეს არის 6 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საგრანტო ბიუჯეტი, რაც მიემართება ბენეფიციარებისკენ, პარტნიორებისკენ და კონტრაქტორებისკენ. მიმდინარე ეტაპზე, აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების სტიმულირებისათვის, პროგრამა ახორციელებს საგრანტო დაფინანსების კონკურსს, სადაც მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს. იმ შემთხვევაში, თუ ეს ინსტიტუტები განახორციელებენ ფაქტორინგული ოპერაციების წინასწარ შეთანხმებულ მოცულობას და ამასთან, განახორციელებენ აღნიშნულს დამატებითი უზრუნველყოფის მოთხოვნის გარეშე, ისინი პროგრამისგან მიიღებენ საგრანტო დაფინანსებას, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ ფაქტორინგის პროდუქტის შემდგომი დახვეწისა და განვითარებისთვის.

ინფორმაციისთვის: USAID-ის ფინანსური ინოვაციების ხუთწლიანი პროგრამის (2023-2028) ბიუჯეტი $19 მილიონია და მიზნად ისახავს დივერსიფიცირებული საინვესტიციო რესურსების და ინოვაციური ფინანსური პროდუქტების ნაკადის გაზრდას საქართველოს კერძო სექტორში, რაც ბიზნესს უნდა დაეხმაროს გაფართოებაში, სამუშაო ადგილების შექმნასა და დამატებითი კერძო ინვესტიციების მოზიდვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები