„აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა ცვლილებებს საჭიროებს, რათა ის უფრო ეფექტიანი გახდეს“ - ამის შესახებ ფერმერი, ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი „საქმის კურსთან“ ინტერვიუში აცხადებს. ნიკო ნიკოლაძის განმარტებით, აგროდაზღვევის პროდუქტი, რასაც სადაზღვევო კომპანიები ფერმერებს სთავაზობენ, პრემიის თანადაფინანსებას კი სახელმწიფო ახორციელებს, ერთ თარგზე გამოჭრილი პროდუქტია, რომელიც ხშირ შემთხვევაში კონკრეტული კულტურების სპეციფიკას არ ითვალისწინებს.
„თვითონ კომპანიებმა, რომლებიც ამ სერვისს ფერმერებს სთავაზობენ, ამ პროდუქტებზე უნდა იმუშაონ, რათა გაზარდონ აგროდაზღვევის პორტფელი. ხშირ შემთხვევაში პროდუქტები, რომელიც შეთავაზებულია არის არაკვალიფიციური, არ არის ხშირ შემთხვევაში გათვალისწინებული კონკრეტული კულტურების სპეციფიკა, არის ერთ თარგზე გამოჭრილი კონკრეტული პროდუქტი, რომელიც ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა სოფლის მეურნეობის კულტურას არ შეესაბამება...
სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებებია შესატანი და მისი მრავალფეროვნება გასაზრდელია, რათა უფრო ეფექტიანი გახდეს. რიცხვები მეტყველებს, რომ არც თუ ისე დიდია მისი მოხმარება“, - აცხადებს ნიკო ნიკოლაძე.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მონაწილეთა რაოდენობა და დაზღვეული ფართობის მაჩვენებელი წლების განმავლობაში ნელი ტემპით რომ იზრდება, ამას ამბობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც, რომელმაც აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის 2014-2021 წლების განვითარებისა და მართვის ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა.
მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევადი კულტურების მრავალფეროვნებისა და სახელმწიფო სუბსიდირების მაღალი წილისა, რაც 50%-იდან 90%-მდე მერყეობს, პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა და დაზღვეული ფართობის მაჩვენებელი ნელი ტემპით იზრდება. აუდიტის შეფასებით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ფერმერებისთვის ხელსაყრელი სადაზღვევო პირობების შემუშავება კვლავ გამოწვევად რჩება.
აუდიტორთა კვლევამ აჩვენა, რომ სადაზღვევო პირობები არ არის მორგებული აგროსაქმიანობის საჭიროებებზე, ვინაიდან არ არის გათვალისწინებული თითოეული რეგიონის და კულტურის სპეციფიკა
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2014-2021 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 73 მლნ ლარია გამოყოფილი.