მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აგროსექტორში ყველაზე მარტივი იაფი ფულის მოძიებაა... პრობლემა smart money-ს არ არსებობა - ფერმერი

ნუშის ბაღები

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ფარგლებში - „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა სოფლის მეურნეობის დარგში (კერძო ფინანსური ინსტიტუტების ჭრილში)“ დაგეგმილი მესამე ზეპირი მოსმენა დასრულდა. მოკვლევის მიზანს სოფლის მეურნეობის დარგში ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირება და საჭირო რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენს. შეხვედრაზე ყურადღება სოფლის მეურნეობის დარგში სამეწარმეო ფინანსურ რესურსებზე წვდომის საკითხში არსებულ ხარვეზებსა და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებებზე გამახვილდა.

კაკლისა და ნუშის მწარმოებელთა ასოციაციის საბჭოს წევრი, ფერმერ ნიკო ნიკოლაძის თქმით, ქართულ აგროსექტორში ფულზე, მათ შორის იაფ ფულზე ხელმისაწვდომობა ძალიან მარტივია. პრობლემა კი ის არის, რომ ამ ფულს არ მოჰყვება ცოდნა, ეს არ არის ე.წ smart money, რაც საბოლოოდ გამოიწვევს, რომ ბევრი ფერმერი, რომელმაც მიიღო ინვესტიცია, წარმატების ისტორიას ვერ დაწერს.

"ამ სფეროში ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა ყველაზე მარტივია. მე თვითონ ფერმერი ვარ ნუშისა და ვაშლის ბაღების მიმართულებით. ყველაზე მარტივი რაც არის აგროსექტორში ფულის, მათ შორის იაფი ფულის მოძიებაა. ვგულისხმობ სუბსიდირებულ სესხს, რომელიც ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პროექტია, რაც სოფლის მეურნეობაში კეთდება, ბარიერებიც ნაკლებია. შეიძლება ითქვას, რომ რიგ შემთხვევაში ამ ბარიერების გაზრდაც საჭიროა, თუმცა ეს სხვა საკითხია. ჩემი აზრით, ამ კუთხით რაც არ არის ხელმისაწვდომი და დასანერგია, არის ე.წ. smart money. დღეს ფერმერები რასაც იღებენ უბრალოდ ფულია, რომელიც რიგ შემთხვევებში არაგონივრულად იხარჯება. კარგი იქნება, თუ ფულს, რომელიც მოიპოვება მარტივად მოჰყვება ცოდნის რესურსიც. ეს გაზრდის ამ ფულის ხარჯვის ეფექტიანობას 2-3-ჯერ.

ხელმისაწვდომობის დათვლა ყველას მარტივად შეუძლია, რომ შევხედოთ სუბსიდირებული სესხების რაოდენობას და თანხას რომელსაც სახელმწიფო ხარჯავს. კითხვას ხელმისაწვდომია თუ არა, თვითონ რიცხვები პასუხობს, მეორე ნაწილია, რამდენად ეფექტიანად იხარჯება. ესეც პრინციპში სტატისტიკის საკითხია, მაგრამ მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობა გრძელვადიანი ინვესტიციაა და უკუგების ნაწილის მოკლე დროში დანახვა შეუძლებელია. მე, როგორც ადამიანი რომელიც სიღრმისეულად ვარ ამ საკითხში გარკვეული ვფიქრობ, რომ კომპანიების დიდი ნაწილი სადაც განხორციელდა ინვესტიცია, წარმატების ისტორიას ვერ დადებს. ეს მოსალოდნელიც იყო, თუმცა ყველაზე დიდი უკუეფექტი რაც შეიძლება იყოს არის ინვესტორების დაფრთხობა და პაუზის გამოწვევა სოფლის მეურნეობაში", - ამბობს ნიკო ნიკოლაძე.

დეპუტატების კითხვის საპასუხოდ, თუ რას გულისხმობს smart money-ში ფერმერი ამბობს, რომ ფულს რომელიც იხარჯება უნდა მოჰყვეს ცოდნა. ეს არის კონცეფცია.

"არ ვფიქრობ, რომ დაფინანსების მასშტაბები უნდა შემცირდეს. ვფიქრობ, რომ დაფინანსების ხარისხი უნდა გაიზარდოს. ჩემთვის smart maney არის, როცა ფულს იღებ ბანკისგან, რომელიც რეალურად სახელმწიფოს ჰყავს წარმოდგენილი ექსკლუზიური უფლებამოსილებით, გასცეს სესხი. ამ ფულს უნდა მოჰყვეს ექსპერტიზა. ანუ, ექსპერტები, რომლებიც იქნებიან უშუალოდ ჩართული ამ ფულის ხარჯვის პროცესში. დეტალურად გაივლიან ბიზნეს მოდელს, რამდენად სწორად არის აწყობილი სქემა, აგროინჟინერია რამდენად სწორად არის დაგეგმილი. ეს არის სფერო, სადაც უკან დაბრუნების შესაძლებლობა არ არსებობს, თუ ფუნდამენტი არასწორია. სოფლის მეურნეობაში 4 წლის შემდეგ ელოდებიან ადამიანები შედეგებს და ცხადია, 4 წლით უკან ვეღარ დაბრუნდები, თუ არასასურველი შედეგი მიიღე. ასეთი ექსპერტების პოვნა საქართველოში ძალიან რთულია, მაგრამ არსებობენ საერთაშორისო ექსპერტები. მე მაგალითად ვაშენებ ვაშლის ბაღებს. ძალიან კარგი შედეგები მაქვს, რადგან მჭიდროდ ვთანამშრომლობ იტალიელებთან, რომლებმაც შეცდომები უკვე დაუშვეს და მე აღარ ვიმეორებ. ამის გაკეთება სრულიად შესაძლებელია.

smart money-ში ვგულისხმობ, რომ ფულს რომელიც იხარჯება მოჰყვეს ცოდნა," - თქვა ნიკოლაძემ აგრარულ საკითხთა კომიტეტზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები