მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოში ინფლაციური მოლოდინები შემცირდა - ეროვნული ბანკი

სებ

საქართველოს ეროვნული ბანკი აგვისტოს თვის ინფლაციური მოლოდინების კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში ინფლაციური მოლოდინები შემცირდა.

"ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, აგვისტოში ივლისთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. ერთი მხრივ, დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 6%-8%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ფიქრობენ. მეორე მხრივ, მოიმატა იმ რესპოდენტთა რაოდენობამ, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ზრდას უფრო დაბალ ინტერვალში 0%-2%-ისა და 2%-4%-ის ფარგლებში ელოდებიან.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, აგვისტოში ივლისთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები დაკლებულია. ერთი მხრივ, ივლისთან შედარებით, მკვეთრად შემცირებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 6%-8%-ის ზრდის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან. მეორე მხრივ, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ინტერვალში, 4%-6%-ის ფარგლებში, ელოდებიან.

გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. კერძოდ, აგვისტოში ივლისთან შედარებით დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 4%-6%-ის ზრდის ინტერვალსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან. ამავე დროს მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ცვლილების ფარგლებში, 0%-2%-ის მიდამოში ვარაუდობენ.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, აგვისტოში ივლისთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირებულია. კერძოდ, დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 10%-20%-ის ფარგლებში ელოდებიან. ამავე დროს, გაიზარდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას დაბალი ზრდის ინტერვალში, 0%-10%-ის ფარგლებში ფიქრობენ.

გამოკითხულთა აზრით, აგვისტოში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) ივლისთან შედარებით გაზრდილია," - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები