მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოში თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა, ფასი კი გაიზარდა - TBC Capital

ბინები

აგვისტოში, თბილისში 3 133 ბინა გაიყიდა, რაც 2023 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 5%, ხოლო 2024 წლის ივლისის ტრანზაქციებს 9%-ით ჩამორჩება.

თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებული უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში ბინების გაყიდვები წლიურად 2%-ით შემცირდა.

ამასთან აგვისტოში, საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 6%-ით, თვიურად კი 2%-ით გაიზარდა და მ²-ის ღირებულებამ 1 233 დოლარი შეადგინა. ბაზრის მოცულობამ აგვისტოში 259 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 1%-ით, თვიურად კი 7%-იანი კლებაა.

ბინების სეგმენტების მიხედვით, აგვისტოში 625 ახალი ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის აგვისტოს გაყიდვებს 2%-ით, ხოლო 2024 წლის ივლისის მაჩვენებელს 6%-ით ჩამორჩება. ახალი ბინების წილი ჯამურ გაყიდვებში 20%-ს გაუტოლდა.

ზაფხულის ბოლო თვეში 2 508 ძველი ბინა გაიყიდა. თიბისი კაპიტალის მიმოხილვის მიხედვით, წლიური კლება 5%, ხოლო თვიური 9%-ია.

საშუალო გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის 15.4%-ით გაიზარდა, ხოლო თვიურად 1.8%-ით შემცირდა. რაც შეეხება ძველ ბინებს, წლიურად 4.3%-იანი, თვიურად კი 3.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

„2024 წლის აგვისტოში 50-დან 75 მ²-მდე ფართობის ბინებმა ბინების ჯამურ გაყიდვებში უდიდესი 42%-ით გაიზარდა, რაც 2 პროცენტული პუნქტით აღემატება გასული წლის იმავე პერიოდს. 125 მ²-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილმა კვლავ 4% შეადგინა, რაც 1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით. ამავე პერიოდში, მაღალი (>1.500 $/მ²) საფასო სეგმენტის წილმა მთლიან ტრანზაქციებში 23% შეადგინა (+6პპ, წწ და +4პპ თ/თ)", - ნათქვამია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები