მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AI-ის წყალობით, 4-დღიანი სამუშაო კვირა გარანტირებულია - ნობელის ლაურეატი ეკონომიკაში

AI

მას შემდეგ, რაც ChatGPT 2022 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა, ხელოვნური ინტელექტი უამრავი ადამიანის ყურადღების ცენტრში მოექცა და გაჩნდა დისკუსიები - დაასრულებდა თუ არა ხელოვნური ინტელექტის აღზევება ადამიანებით დომინირებულ სფეროებში მათ ჩართულობას.

საკითხმა უამრავი ადამიანის, მათ შორის ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის მფლობელი კრისტოფერ პისარადისის ყურადღება მიიპყრო, რომლის სპეციალობაც შრომითი ეკონომიკაა. მან ჯერ კიდევ აპრილში ისაუბრა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის შრომით ბაზარზე გავლენაზე და აღნიშნა, რომ ChatGPT-ის მსგავსი ხელსაწყოებით ადამიანები საკუთარ სამუშაოს უფრო ნაყოფიერად შეასრულებენ და, შესაბამისად, ნაკლებ დროსაც მოანდომებდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის წყალობით შესაძლოა, 4-დღიანი სამუშაო კვირა ფართოდ გავრცელებულ ნორმად იქცეს.

პისარადისის ამ პროგნოზის შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა - ადამიანთა ყურადღება ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების რეგულირებაზე გადაერთო და OpenAI-ის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ჩატბოტს რამდენიმე მსხვილი კომპანიის კონკურენტი გამოუჩნდა. ეკონომისტი კი აცხადებს, რომ ახლა საკუთარი პროგნოზის სისწორეში კიდევ უფრო დარწმუნებულია.

“ახლა უკვე მჯერა, რომ ChatGPT სამუშაო ხარისხს გაზრდის და პროდუქტიულობას გააუმჯობესებს”, - აცხადებს პისარადისი Fortune-სთან ინტერვიუში და დასძენს, რომ სამუშაო კვირის შემცირება ახლა კიდევ უფრო გამართლებულია.

ნობელის ლაურეატი ერთადერთი არ არის, ვინც ასე ფიქრობს. Think tank Autonomy-ის ბოლო კვლევა ადასტურებს, რომ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში AI-ით წარმართული სამუშაო პროცესი 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლის საშუალებას იძლევა. იმავეზე მიანიშნა ლეგენდარულმა ინვესტორმა, რეი დალიომ, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის ფართოდ გავრცელების შემთხვევაში სამუშაო კვირის ხანგრძლივობის შემცირებაზე ისაუბრო.

მართალია, ყველა ნიშანი სამუშაო კვირის შემცირებისკენ მიუთითებს, კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ აისახება ეს პროცესი დასაქმებული ადამიანების ხელფასებზე - პასუხგაუცემელია.

პისარადისის თქმით, მიუხედავად სამუშაო საათების შემცირებასთან თანმხლები ხელფასის შემცირების შესაძლებლობისა, ეს აპრიორი მიდგომა არ არის.

“პროდუქტიულობის გაუმჯობესების გამო, ხელფასები არ შემცირდება. ChatGPT-ის გამოყენებით საქმე უფრო სწრაფად გაკეთდება. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ზუსტად ის საქმე, რასაც სხვადასხვა პროფესია 5 დღეს უთმობდა, ახლა 4 დღეში შესრულდება”, - ამბობს ეკონომისტი.

კრისტოფერ პისარადისმა ნობელის პრემია 2010 წელს, უმუშევრობის ეკონომიკური ეფექტების კვლევისათვის დაიმსახურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები